LIVE

პარიზი ევროპაში ყველაზე ცხელ ურბანულ დასახლებად დასახელდა

27 მაი 202317:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 435
პარიზი ევროპაში ყველაზე ცხელ ურბანულ დასახლებად დასახელდა

ახალი კვლევის მიხედვით, ევროპის ქალაქებს შორის პარიზი ყველაზე ცხელი ურბანული დასახლებაა. საფრანგეთის დედაქალაქის მოსახლეობა კი სიცხისგან გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ დგას. კვლევას ბრიტანული სამეცნიერო ჟურნალი The Lancet აქვეყნებს.

კვლევამ 2000 წლიდან 2019 წლამდე ევროპის ტერიტორიაზე „შეუსაბამო ტემპერატურული პირობების“ შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობა შეისწავლა. 854 ქალაქსა და ურბანულ დასახლებას შორის პარიზში მცხოვრები ყველა ასაკის ჯგუფის ადამიანი ყველაზე დიდ საფრთხეშია. რისკი 85 წლისა და უფროსი ასაკის ადამიანებისთვის 1.6-ჯერ მეტია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ 2050 წლისთვის საფრანგეთის დედაქალაქში ტემპერატურა 50°C-ს მიაღწევს.

კვლევის მიხედვით, პარიზის შემდეგ მეორე და მესამე ადგილს ევროპის მასშტაბით ამსტერდამი და ზაგრები იკავებს. კვლევაში აღნიშნულია, რომ ურბანული დასახლებები 5-9°C-ით უფრო ცხელია, ვიდრე ქალაქგარეთა დასახლებები.

კლიმატის ცვლილებების გავლენების გაუარესებასთან ერთად, გარკვეული ადაპტაციის ზომების მიღება ხდება საჭირო. ამისთვის პარიზში 2027 წლამდე 170 000 ახალი ხის დარგვას გეგმავენ, რაც ქალაქში ტემპერატურას 12°C-ით შეამცირებს. ასევე, სასკოლო და სათამაშო მოედნებზე ბეტონის მცენარეული საფარით ჩაანაცვლებენ. მადრიდში ე.წ. „ქარის პარკის“ აშენებას აპირებენ. ასეთი ტიპის პარკები ქალაქში გაგრილების ფუნქციას მაღალი ხეების ხარჯზე ასრულებენ, რომლებიც გრილ ჰაერს თანაბრად აფრქვევს ქუჩებში.

კიდევ ერთი გარემოება, რომელიც პარიზს ევროპაში ყველაზე ცხელ ადგილად აქცევს, მისი ისტორიული შენობების ლითონის სახურავებია, რომლებიც სითბოს დიდ რაოდენობით შთანთქავს.