
Facebook-ის მშობელი კომპანია Meta, ევროკავშირის კონფიდენციალურობის წესების შეუსრულებლობის გამო, რეკორდული $1.3 მილიარდით დაჯარიმდა.
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებით, Facebook-ის ევროპელი მომხმარებლების პერსონალური მონაცემების შეერთებულ შტატებში მდებარე სერვერებზე განთავსებით, Meta-მ მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR) დაარღვია.
მარეგულირებელმა განაცხადა, რომ კომპანიამ ვერ შეასრულა ევროკავშირის უმაღლესი სასამართლოს 2020 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ში გაგზავნილი მონაცემები ამერიკული სადაზვერვო სააგენტოებისგან საკმარისად დაცული არ არის.
Meta-ს მიეცა ხუთი თვე, რათა შეაჩეროს მომავალში პერსონალური მონაცემების აშშ-ში რაიმე ფორმით გაგზავნა და ექვსი თვე იმისათვის, რომ შეწყვიტოს ევროკავშირის პირადი მონაცემების უკანონო დამუშავება, მათ შორის მონაცემების აშშ-ში შენახვა.
დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ Facebook-ს და არა Instagram-სა და WhatsApp-ს, რომლებსაც ასევე Meta ფლობს. Meta გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ტექნოგიგანტი აცხადებს, რომ ევროკავშირში Facebook-ის სერვისის მყისიერი შეფერხება მოსალოდნელი არ არის.
ეს არის ყველაზე დიდი ჯარიმა, რომელიც GDPR-ის დარღვევის გამო დაწესებულა. 2021 წელს ლუქსემბურგის მარეგულირებელმა Amazon-ი $888 მილიონით დააჯარიმა.
ევროპელი და ამერიკელი ოფიციალური პირები აწარმოებენ მოლაპარაკებებს მონაცემთა გაზიარების ახალ პაქტზე, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიური კომპანიის სამართლებრივ დაცვას. ეს Meta-ს საშუალებას მისცემს, რომ გააგრძელოს მომხმარებლების ინფორმაციის გადატანა შეერთებულ შტატებში.