
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსულ კომპანია „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმების პროცედურა დაიწყო.
ეს კომპანია თბილისის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის მარტში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოავლინა და მისგან თბილისის მეტროპოლიტენისთვის 40 ახალი ვაგონის შესყიდვას გეგმავდა გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
მიმდინარე წლის დასაწყისში, თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე კვლავ აცხადებდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იყო და მერია რუსულ კომპანიას ჯამში 50 მილიონ ევროს გადაუხდიდა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის, "მეტროვაგონმაში" უკვე სანქცირებული იყო უკრაინის მიერ, ხოლო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში გადარიცხვა თავად EBRD-მა შეაჩერა. ხმალაძე ირწმუნებოდა, რომ ბანკთან შეთანხმებით, ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და შესყიდვა მაინც განხორციელდებოდა.
მერიის დღევანდელ განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ 2023 წლის 19 მაისს "ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოხდა აღნიშნული კომპანიის სანქცირება", თუმცა არ არის განმარტებული, კონკრეტულად ვის გულისხმობს საერთაშორისო პარტნიორებში უწყება ამჯერად, მაშინ როცა, რამდენიმე თვის წინ, საზოგადოებას არწმუნებდა, რომ "მეტროვაგონმაში" სანქცირებული არ არის.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველო ახორციელებს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულებას. შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტი არ აპირებს სანქცირებულ კომპანიასთან თანამშრომლობას და „მეტროვაგონმაშთან“ დადებული ხელშეკრულება გაუქმდება," ნათქვამია მერიის განცხადებაში.