LIVE

I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთები 17.8%-ით შემცირდა

19 მაი 202312:37
3 წუთის საკითხავი
clock clock 467
I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში ტვირთები 17.8%-ით შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 3 505.6 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავა, რაც წლიურად 17.8%-ით შემცირებული მაჩვენებელია. გადამუშავებული ტვირთის 39.5% გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი იყო, 34% - თხევადი ტვირთი, 26.6% კი - ნაყარი ტვირთი.

რაც შეეხება მგზავრების სტატისტიკას, იანვარ-მარტში საქართველოს ნავსადგურები 1 200 მგზავრს მოემსახურა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 55.8%-ითაა შემცირებული. ამასთან, მგზავრთა ნაკადში, შემოსული მგზავრების წილი მცირედით აღემატებოდა გასული მგზავრების მაჩვენებელს და 53%-ს შეადგენდა.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის პირველ 3 თვეში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში სულ 393 გემი შემოვიდა, მათი 39.7% გენერალური ტვირთის გადამზიდი იყო, 28.2% - თხევადი ტვირთმზიდი, 23.7% - კონტეინერმზიდი, ხოლო 8.4% ნაყარ ტვირთმზიდზე, სპეციალიზებულ გემებზე და ბუქსირებზე გადანაწილდა.

აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 43.1%-ით მეტი კონტეინერმზიდი მიიღო, 5.4%-ით მეტი - გენერალური ტვირთმზიდი, 17.8%-ით ნაკლები - თხევადი ტვირთმზიდი და 32.4%-ით ნაკლები - ნაყარი ტვირთმზიდი.

I კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში შემოსული გემების 16.3% პანამის დროშის ქვეშ დაცურავს, 16.3% - ლიბერიის, 13.7% - თურქეთის, 8.4% - მალტის, 5.3% - ბულგარეთის, 5.1% - რუსეთის, ხოლო 34.9% სხვა ქვეყნებზე ნაწილდება. 

შეგახსენებთ, ფოთის პორტში საკონტეინერო ტვირთების მოცულობამ რეკორდულ დონეს მიაღწია.

APM Terminal Poti-ს ინფორმაციით, აპრილში ჯამში დამუშავდა 53,626 TEU კონტეინერი, რაც წლიურად 91,3%-ით გაზრდილი მაჩვენებელი იყო. აღსანიშნავია, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურში, ერთი თვის განმავლობაში, ამ რაოდენობის ტვირთის დამუშავების პრაქტიკა აქამდე არ ყოფილა.

რეკორდულად მაღალი იყო ინვარ-აპრილის მონაცემებიც. საერთო ჯამში, 2023 წლის პირველ ოთხ თვეში APM Terminal Poti-ს მიერ დამუშავებული კონტეინერების მოცულობამ 177 900 TEU შეადგინა, რაც 73%-ით მეტია 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.