LIVE

საქართველოში 279 200 ადამიანი უმუშევარია - საქსტატი

19 მაი 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 231
საქართველოში 279 200 ადამიანი უმუშევარია - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოში უმუშევრობის დონე 1.4 პროცენტული პუნქტით, 18%-მდე შემცირდა. 

იანვარ-მარტში დაქირავებულთა რიცხოვნობა წლიურად 45.8 ათასი კაცით (5.6%) გაიზარდა და 863.5 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 25.4 ათასით გაიზარდა (6.6%) და 407.7 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 10.4 ათასით (3.6%) და 279.2 ათასი შეადგინა.

I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 52%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.6% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი - 3.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 43.5%-სა და 41.3%-ს შეადგენს.

2023 წლის პირველ 3 თვეში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.9% შეადგინა.

საქსტატის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე შემცირებულია როგორც საქალაქო ისე სასოფლო ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.8 და 2.4 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2023 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირდა 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 15.1% და 20.3% შეადგინა.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2023 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.9%-ს, ხოლო კაცებში 63.6%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში გაზრდილია 2.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.1 პროცენტული პუნქტით.  

აღსანიშნავია, რომ იანვარ-მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში, შესაბამისად 3.1 და 1.6 პროცენტული პუნქტით.