LIVE

EBRD უკრაინის დახმარების გაზრდას გეგმავს

19 მაი 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 319
EBRD უკრაინის დახმარების გაზრდას გეგმავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) უკრაინის დახმარების გაძლიერებას და ამ მიზნით დამატებით 3-5 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს

განვითარებადი ბაზრების კრედიტორმა უკვე გამოყო 3 მილიარდი ევრო უკრაინაში 2022-2023 წლებში ინვესტიციების განსახორციელებლად. EBRD-ის პრეზიდენტმა ოდილ რენო-ბასომ განაცხადა, რომ დახმარება გაგრძელდება.

მისივე თქმით, კაპიტალის გაზრდა შესაძლებელს გახდის, რომ შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს უკრაინაში ბანკის ინვესტიციები. 

ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ კაპიტალის გაზრდის შესახებ დეტალური წინადადება მიმდინარე წლის ბოლომდე მომზადდება. ცნობილია, რომ დამატებითი კაპიტალის ყოველ მილიარდ ევროზე ბანკს რამდენიმე მილიარდის ახალი სესხის გაცემა შეუძლია. 

"როგორც დღეს დილით ვუთხარი ბანკის ხელმძღვანელებს, უკრაინა ბანკის მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა რენო-ბასომ.

მისივე თქმით, ბანკის მხარდაჭერა აქამდე მიმართული იყო ძირითადი ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და შეკეთებაზე, ენერგეტიკული კომპანიების დაფინანსებაზე და უკრაინის საგარეო ვაჭრობის მხარდაჭერაზე. 

"ასევე მხარს ვუჭერთ კერძო სექტორს, კვების მრეწველობას, მცირე და საშუალო ბიზნესს, რაც აბსოლუტურად ფუნდამენტურია ეკონომიკის, სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად და ამ რესურსების უზრუნველსაყოფად," - თქვა რენო-ბასომ.

EBRD-მა რუსეთში მუშაობა შეაჩერა, მაგრამ გააძლიერა წარმომადგენლობა ცენტრალური აზიის ყოფილ საბჭოთა რეგიონში, სადაც მხარს უჭერს რუსეთის ტერიტორიის გვერდის ავლით, სატრანსპორტო დერეფნების განვითარებას.