LIVE

ევროპის წამყვან დედაქალაქებს შორის საბინაო ბაზარი ყველაზე სუსტი ვენაშია

21 მაი 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 446
ევროპის წამყვან დედაქალაქებს შორის საბინაო ბაზარი ყველაზე სუსტი ვენაშია

ევროპის წამყვან დედაქალაქებს შორის ვენის საბინაო ბაზარი ყველაზე მეტად შესუსტდა. Bloomberg City Tracker-ის თანახმად, კლებამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია და ყველაზე დაზარალებულ სტოკჰოლმსაც კი გადაუსწრო. 

Bloomberg City Tracker-მა ჯამში 20 ევროპული ქალაქის მონაცემები გააანალიზა და შეაფასა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური ზრდა და ცხოვრების ხარისხი.

Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემებით, ავსტრიის დედაქალაქში, გასული წლის პიკურ მონაცემებთან შედარებით, კვადრატული მეტრის საშუალო ფასი 12.2%-ით შემცირდა, სტოკჰოლმში კი - 6.4%-ით. ამის საპირისპიროდ, მოგება აჩვენეს მადრიდმა, მილანმა და ციურიხმა. 

ვენის საბინაო ბაზრის ვარდნა საპროცენტო განაკვეთების ზრდას, დაკრედიტების გამკაცრებულ კრიტერიუმებსა და ახალი ბინების ჭარბ მიწოდებას უკავშირდება. ქალაქზე ასევე იმოქმედა უცხოელი მყიდველების რაოდენობის კლებამ, რაც, თავის მხრივ, საიმიგრაციო შეზღუდვებმა და ბაზრისადმი ნდობის კლებამ გამოიწვია.  

უძრავი ქონების ფასების კლება გავლენას ახდენს არა მხოლოდ სახლების მფლობელებზე, არამედ უფრო ფართო ეკონომიკაზე, რადგან საბინაო ბაზარი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი მამოძრავებელია და ფასების ვარდნამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს სამომხმარებლო ხარჯებზე, დასაქმებასა და ინვესტიციებზე. 

ავსტრიის მთავრობამ შემოიღო ზომები საბინაო ბაზრის გასაძლიერებლად, მათ შორის საგადასახადო შეღავათები დაუწესა მათ, ვინც ბინას პირველად ყიდულობს და წაახალისა დეველოპერები. თუმცა, ამ ზომებს ბაზარზე ჯერ კიდევ არ ჰქონია მნიშვნელოვანი გავლენა და ბუნდოვანია, იქნება თუ არა ისინი საკმარისი ტენდენციის შესაცვლელად. მოსალოდნელია, რომ ვენაში ბინების ფასი კვლავ დაეცემა. 

უძრავი ქონების სააგენტოს Real Immobilienvermittlung-ის თანახმად, საპროცენტო განაკვეთების გაზრდის და ინფლაციის ფონზე შემცირებული შემოსავლის ფონზე, ვენაში უფრო მეტი ოჯახი ამჯობინებს იცხოვროს ქირით, ნაცვლად იმისა, რომ ბინა იყიდოს. 

ვენისგან განსხვავებით, საბინაო ბაზრის ზრდა ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მადრიდი, მილანი და ციურიხი, მიუთითებს, რომ ამ ქალაქების საბინაო ბაზარი გარე ფაქტორების მიმართ უფრო მდგრადია.

Bloomberg City Tracker-ის თანახმად, მაისში ვენაში კვადრატულ მეტრზე ფასმა საშუალოდ €7 084 შეადგინა.

აპრილის მონაცემებით, სხვა ევროპულ ქალაქებში კვადრატული მეტრის ფასი ასეთია:

ციურიხი - €15 934 - წლიური ცვლილება +3.5%

პარიზი - €11 134 - წლიური ცვლილება -2.3%

ლონდონი - 8 346 - წლიური ცვლილება 0%

სტოკჰოლმი - €7 110 - წლიური ცვლილება -6.4%

მილანი -  5 213 - წლიური ცვლილება +3.8% 

ბერლინი - €5 143 - წლიური ცვლილება -1%

მადრიდი - €3 977 - წლიური ცვლილება +5.6%