LIVE

თბილისში საათობრივი პარკირების სისტემა ხარვეზებით მუშაობს

03 მარ 202116:57
3 წუთის საკითხავი
clock clock 573

თბილისში საათობრივი პარკირების სისტემა ხარვეზებით მუშაობს. თანხის გადახდის აპლიკაცია, რომელის, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ შეიქმნა, ამ დრომდე, სრულად გამართული არ არის.

პრობლემის არსებობას ადასტურებენ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურში და ირწმუნებიან, რომ პროგრამული ხარვეზი, რომლის გამოც მძღოლების ნაწილი დარეგისტრირებას ვერ ახერხებს, უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება.

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები კი რეფორმის მნიშვნელობაზე მიუთითებენ და ზონალური პარკირების მასშტაბის გაზრდის და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„უფრო მეტი ინფორმაცია და კომუნიკაციაა საჭირო. მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, როგორ მუშაობს სისტემა. საყურადღებოა აღსრულების ნაწილიც. უნდა დაიხვეწოს პროგრამული მხარე, ასევე ინფრასტრუქტურა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ პარკირების გადასახადისგან მოქალაქეებისგან მიღებული თანხა სწორედ საპარკინგე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდეს“, განაცხადა გაეროს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში გელა კვაშილავამ.

საათობრივი პარკირების სისტემა თბილისში, დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ კოტე აფხაზის ქუჩაზე საპილოტე რეჟიმში დაიწყო. ახლა კი ორბელიანის მოედანს, პეკინის გამზირს და ვაკის რაიონს მოიცავს. პარკირების საფასური საათში 1 ლარია.