LIVE

საზოგადოება და ბანკები: კიბერთაღლითობის შემთხვევები გახშირდა

17 მაი 202314:28
3 წუთის საკითხავი
clock clock 476
საზოგადოება და ბანკები: კიბერთაღლითობის შემთხვევები გახშირდა

„საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში, ბოლო დროს გახშირდა კიბერთაღლითობის შემთხვევები ახალი სქემით.

ორგანიზაციის განცხადებით, ბანკის მომხმარებლებს ეგზავნებათ SMS-ი, რომელიც მათ სხვადასხვა სერვისის გადახდის დავალიანებას ატყობინებს, მაგალითად: NETFLIX-ის ან საქართველოს ფოსტის სერვისის გადასახადს.

„მომხმარებელი გადადის ყალბ ბმულზე, შეჰყავს პირადი ინფორმაცია და ეხვევა მახეში, რადგან ბარათის მონაცემების გაზიარებისას კიბერთაღლითი მონაცემებს იპარავს. ამის შემდეგ ის  მოპარული ბარათის მონაცემებს ამატებს  Apple/Google Pay wallet-ში, რა დროსაც მომხმარებელს ეგზავნება SMS კოდი ოპერაციის დადასტურებისთვის. სამწუხაროდ მომხმარებელი ამ კოდსაც აზიარებს. კიბერდამნაშავე კი ვოლეტში დამატებული ბარათით ახორციელებს გადახდებს პოს ტერმინალზე ან ელექტრონულ კომერციაში, ვებგვერდზე  გადახდით“, - აღნიშნულია „საზოგადოება და ბანკების“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაცია მოქალაქეებს შემდეგ რეკომენდაციებს აძლევს:

  • არ გადავიდნენ საეჭვო ბმულზე;
  • დააკვირდნენ ბმულს, როგორც წესი, ოფიციალური აპლიკაციის/ვებგვერდის სიმბოლოებში განსხვავებაა;
  • თავად აკრიფონ მისამართი და დააკვირდნენ ბოქლომს (უნდა იყოს დახურულ მდგომარეობაში);
  • არასდროს გაუზიარონ სხვა პიროვნებას პირადი საბანკო მონაცემები და ერთჯერადი კოდი.