
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ახალი ანგარიშის მიხედვით, მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევა სათანადო ტემპით არ მიმდინარეობს. SDG-ს დაახლოებით 140 მიზნიდან მხოლოდ 12%-ის მიღწევაა შესაძლებელი 2030 წლამდე. მდგრადი განვითარების მიზნების ერთი მესამედი განვითარებით თითქმის უცვლელია ან უკან დაიხია 2015 წლის ნიშნულამდე.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა 25 აპრილს გამართულ პროგრესის ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა, რომ 2030 წლამდე შესასრულებელი გეგმების 50% სუსტად ან არასაკმარისად ვითარდება.
„თუ ჩვენ არ ვიმოქმედებთ ახლა, 2030 წლისთვის დასახული გეგმები, იმ სამყაროს ეპიტაფია გახდება, რაც გვინდოდა რომ ყოფილიყო,“ - აღნიშნავს გუტიერესი.
მისივე თქმით, კოვიდ პანდემიამ და უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გაამძაფრა კლიმატის კრიზისი, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და დაბინძურება. SDG-ს დაფინანსება შემცირდა პანდემიის დროს, რამაც მიზნების მისაღწევად საჭირო თანხების დანაკლისი $2.5 ტრილიონიდან $4 ტრილიონამდე გაზარდა. კოვიდ პანდემიამ განსაკუთრებული გავლენა იქონია გლობალური სიღარიბის გაზრდაზე, რამაც ბოლო სამი ათწლეულის პროგრესი უკან დახია.
2030 წლის მდგრადი განვითარების დღის წესრიგი 2015 წელს შემუშავდა და გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ იქნა მიღებული. გეგმა მოიცავს 17 მთავარ მიზანს, რომლებიც მიმართულია ისეთი სტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად, როგორებიცაა გენდერული უთანასწორობა, განათლების ხელმისაწვდომობა და ჯანდაცვა. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ამბიციურ მიზნებსაც, მათ შორის, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას 2030 წლისთვის. აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო იმ პირველ 22 ქვეყანას შორის, რომელმაც მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად 2016 წლის ივლისში ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა (VNR) წარადგინა მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე. 2017 წელს საქართველომ მე-17 მიზანი, თანამშრომლობა საერთო მიზნების შესასრულებლად, ეროვნულ პრიორიტეტად გამოაცხადა.
გაეროს ანგარიშის ზოგიერთი მონაცემი რიცხვებში შემდეგნაირად გამოისახა:
- დედამიწის 26 უმდიდრესი ადამიანი ფლობს იმდენ ქონებას, რამდენსაც მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი;
- ამჟამინდელი განვითარების პროგრესით გენდერულ თანასწორობას 286 წელიწადში მივაღწევთ;
- 2030 წლისთვის უკიდურეს სიღარიბეში 575 მილიონი ადამიანი იცხოვრებს, რაც მსოფლიო მოსახლეობის 7%-ია;
- 2015 წლის შემდგომ 3% პროცენტით გაიზარდა გადაშენების რისკი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მე-5 სახეობა გადაშენების პირას დგას.
ანგარიშის მიხედვით სულ 3 მიზანი გამოიკვეთა, რომელიც სხვებთან შედარებით ყველაზე კარგი ტემპით ვითარდება. ერთ-ერთი ასეთია მე-15 - დედამიწის ეკოსისტემები - რაც ითვალისწინებს ტყეების მდგრად მართვას, გაუდაბნოებისგან დაცვას, ნიადაგის დეგრადაციისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის შეჩერებას. კარგი ტემპით ვითარდება მე-14 - წყალქვეშა რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება და მე-12 მიზანი - გონივრული მოხმარება და წარმოება, რაც გულისხმობს რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაზრდას, ნარჩენებისა და დაბინძურების შემცირებას და ახალი ცირკულარული ეკონომიკის ჩამოყალიბებას.
აღსანიშნავია, რომ გლობალური პროგრესის სრული სურათის დანახვა არასაკმარისი მონაცემების გამო ძალიან რთულია. უახლესი ანგარიშის მიხედვით, ამჟამინდელი მონაცემები 2020-2023 წლებშია შეგროვებული, მათ შორის ინფორმაციის 54% 2-3 წლის წინანდელია. საგულისხმოა, რომ 11 მიზანზე სრული მონაცემები ხელმიუწვდომელია.