LIVE

Microsoft-მა ევროკავშირისგან Activision Blizzard-ის $69 მილიარდად ყიდვის ნებართვა მიიღო

16 მაი 202315:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 272
Microsoft-მა ევროკავშირისგან Activision Blizzard-ის $69 მილიარდად ყიდვის ნებართვა მიიღო

ევროპულმა მარეგულირებლებმა Microsoft-ის მიერ პოპულარული თამაშების, მათ შორის, Call of Duty-ისა და Candy Crush-ის მწარმოებლის, Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შეძენას მხარი დაუჭირეს.

Microsoft-ის გარიგება კომპანიას, Tencent-ისა და Sony-ს შემდეგ,  მსოფლიოში თამაშების სიდიდით მესამე მწარმოებლად აქცევს.

ევროკომისიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ის გარიგებამ შეიძლება გარკვეულ ასპექტებში, კონკურენტული გარემო დააზიანოს, კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებები საკმარისი იყო ანტიმონოპოლიური შეშფოთების დასაძლევად.

მათ შორისაა, 10-წლიანი ვალდებულება, რომლითაც ევროპელ მომხმარებლებს Activision-ის თამაშებზე წვდომა ნებისმიერ ღრუბლოვან სათამაშო სერვისზე ექნებათ. Microsoft ასევე ვალდებულია არ შეამციროს მის კონკურენტ სტრიმინგ პლატფორმებზე განთავსებული თამაშების ხარისხი და რაოდენობა.

"ეს ვალდებულებები სრულად პასუხობს კომისიის მიერ კონკურენციასთან მიმართებით იდენტიფიცირებულ პრობლემებს და წარმოადგენს ღრუბლოვანი თამაშების სტრიმინგის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას", - აცხადებს კომისია.

Microsoft-ის მიერ აღებული ვალდებულება ნიშნავს, რომ მის მიერ შეძენილი თამაშები მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი რჩება Nintendo-ს, Sony-სა და Steam-ის პლატფორმებზე. 

წლის დასაწყისში მიმდინარე განხილვებში Sony აცხადებდა, რომ გარიგება მის კონკურენტ Microsoft-ს ზედმეტი კონტროლის საშუალებას მისცემდა. 

ბრიტანეთის უარის შემდეგ, ევროკავშირის მარეგულირებლების ნებართვა, შესაძლოა, Microsoft-ს ამჯერად ჩინური და სამხრეთ კორეული მარეგულირებლების დასტურის მიღებაში დაეხმაროს.

ამერიკულ ტექნოგიგანტს ბრიტანეთის კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა 24 მაისამდე აქვს. საბოლოო გადაწყვეტილებას შესაძლოა თვეები დასჭირდეს.