LIVE

იანვარ-აპრილში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი $44 მილიარდი იყო

14 მაი 202316:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 346
იანვარ-აპრილში რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი $44 მილიარდი იყო

2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი 3.4 ტრილიონი რუბლია ($43.8 მილიარდი). ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფინანსთა მინისტრმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტის გაღრმავება ენერგოსექტორიდან შემოსავლების კლებას და მოსკოვის მუდმივად მზარდ დანახარჯებს უკავშირდება. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ბიუჯეტის დეფიციტის სამიზნე მაჩვენებელი $42 მილიარდია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ მაჩვენებელს რუსეთმა მიმდინარე წლის მხოლოდ 4 თვეში უკვე გადააჭარბა.

გასულ წლის იმავე პერიოდში რუსეთს 1.2 ტრილიონი რუბლის (დაახლოებით $15 მილიარდი) ბიუჯეტის პროფიციტი ჰქონდა, მაგრამ უკრაინაში ომის გამო ქვეყანას მნიშვნელოვნად გაეზარდა სამხედრო ხარჯები; გარდა ამისა, ნავთობისა და გაზის ექსპორტზე დასავლურმა სანქციებმა მნიშვნელოვნად იმოქმედა რუსეთის სამთავრობო ხაზინაზე. 

რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ შეწყვიტა ბიუჯეტის ყოველთვიური მონაცემების გამოქვეყნება, თუმცა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ რუსეთს აპრილში 1 ტრილიონი რუბლის ($12.9 მილიარდი) დეფიციტი ჰქონდა ბიუჯეტში. 

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის, განცხადებით, რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტმა მიმდინარე წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა შეადგინოს, თუმცა ანალიტიკოსთან დიდი ნაწილი აღნიშნულ პროგნოზს არ ეთანხმება. სილუანოვის თქმით, ნავთობისა და გაზის შემოსავლებმა უნდა შეავსოს რუსეთის ბიუჯეტი. მიუხედავად ამისა, აღნიშნული სექტორებიდან რუსეთს შემოსავლები წინა წელთან შედარებით 52%-ით შეუმცირდა, რაც დასავლური სანქციების დამსახურებაა.