LIVE

გლობალურად ყავის ფასი იზრდება

21 მაი 202317:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 478
გლობალურად ყავის ფასი იზრდება

გლობალურად სამომხმარებლო ფასების ზრდამ ყავის მოყვარულებს შედარებით იაფფასიანი ყავის დალევისკენ უბიძგა. მიუხედავად ამისა, რობუსტას მარცვლები დეფიციტშია, რის გამოც ერთ-ერთი ყველაზე იაფი ყავაც კი ძვირდება.

ყავის მოყვარულთა უმეტესობა მაღალი ხარისხის არაბიკას მარცვლებს ამჯობინებს შედარებით დაბალი ხარისხის რობუსტას. ამ უკანასკნელის დაბალ ფასს განაპირობებს ის, რომ მისი მოყვანა შედარებით მარტივია და ნაკლები მოვლა სჭირდება. მიუხედავად ამისა, ამჟამად მსოფლიოში რობუსტას მარცვლებზე დეფიციტია. შედეგად, მიმდინარე კვირაში გლობალურად ყავის საბითუმო ფასებმა ბოლო თორმეტი წლის მაქსიმუმს მიაღწია.

ვიეტნამმა, რომელიც ყავის მარცვლების ყველაზე დიდი მწარმოებელია მსოფლიოში, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე ნაკლები მოსავალი აიღო. ამის მიზეზი გახდა ფერმერების გადაწყვეტილება, უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე, სასუქების გაზრდილი ხარჯების გამო მოეყვანათ უფრო მეტად მომგებიანი ავოკადო და დურიანი, რომელთაც ნაკლები სასუქი სჭირდებათ. 

ყავის მარცვლების მეორე უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა ბრაზილიაა, სადაც მოსავლის სიმცირე გვალვებმა განაპირობა. თავის მხრივ, ინდონეზიაში შიშობენ, რომ მოსალოდნელი ძლიერი წვიმები დააზარალებს ყავის მოსავალს. 

ამ ყველაფრის შედეგად, ყავაზე გლობალური მიწოდება შემცირდა. მიწოდების პრობლემის ფონზე კი, ფასები ერთ-ერთ ყველაზე იაფფასიან ყავაზეც კი იზრდება.