LIVE

ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიო დომინაციისკენ მიიწევს

03 მარ 202115:17
3 წუთის საკითხავი
clock clock 3271
ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიო დომინაციისკენ მიიწევს
Bloomberg

ჩინეთი, 2020 წლის კორონავირუსის ლოკდაუნიდან წარმატებულად გამოსვლის შემდეგ, ერთადერთი მსხვილი ეკონომიკა გახდა მსოფლიოში, რომელიც გასულ წელს გაიზარდა.

ჩინეთის გლობალური წარმოების წილი წლების განმავლობაში ყველაზე სწრაფი ტემპით იზრდებოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ს, როგორც მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკას, ის მოსალოდნელზე ადრე გადაუსწრებს. Brookings-ის შეფასებით ჩინეთის ეკონომიკა მსოფლიოში პირველობას 2028 წლისთვის მოიპოვებს.

ქვეყანაში ვირუსის სწრაფმა შეკავებამ საშუალება მისცა ქარხნებს, განეახლებინათ წარმოება, მაშინ, როცა დანარჩენი მსოფლიო ჯერ კიდევ ჩაკეტილი იყო. ამასთან, სახის ნიღბებსა და პანდემიასთან დაკავშირებულ სხვა პროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ჩინეთისთვის ექსპორტის ბუმი გამოიწვია და ეკონომიკის აღდგენა დააჩქარა.

ლოკდაუნის ადრე დასრულება და შემდგომი აღდგენა ქვეყნისთვის სხვაგვარადაც გამოიხატა. 2020 წელს მან გაუსწრო აშშ-ს, როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უდიდესმა მიმღებმა, ხოლო Fortune 500-ის მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში უფრო მეტი ჩინეთში დაფუძნებული კომპანია აღმოჩნდა, ვიდრე აშშ-ში. ჩინეთი ასევე უსწრებს აშშ-ს, როგორც ევროკავშირის მთავარ სავაჭრო პარტნიორს. ის უფრო დიდ როლს თამაშობს ფინანსურ ბაზრებზეც. ბოსტონის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ჩინეთის მიერ განვითარებად ქვეყნებზე გაცემული სესხები უკვე მსოფლიო ბანკს უწევს კონკურენციას.

ჩინეთის გლობალური ზრდა ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ფართომოხმარების საგნებისა და სამრეწველო საქონლის ექსპორტიორებისთვის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბრაზილია, გერმანია და სამხრეთ კორეა. ეს ქვეყნები ეყრდნობიან ჩინეთს, როგორც გადამწყვეტ ბაზარს. იმ ეკონომიკებშიც კი, რომლებსაც აშშ-ს მსგავსად ჩინეთთან დიდი სავაჭრო დეფიციტი აქვთ, სპეციფიკური პროდუქციის ექსპორტი, მაგალითად, სოიო, შეიძლება შემოსავლის ძირითადი წყარო იყოს.

საერთაშორისო ბიზნესისთვის ჩინეთი არის უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზრი. General Motors და Volkswagen ახლა ჩინეთში ყოველწლიურად უფრო მეტ მანქანას ყიდიან, ვიდრე თავიანთ ქვეყნებში, ხოლო Starbucks-მა, Ralph Lauren-მა და სხვა ბევრმა ბრენდმა, მათი საშინაო ბაზრების დასუსტების ფონზე, ჩინეთში გასულ წელს ძლიერი გაყიდვები აჩვენეს.

ამ ყველაფერთან ერთად, ჩინეთის მზარდი ეკონომიკური სიმძლავრე პოლიტიკურ გავლენაში გადაიზარდა ისეთ ინსტიტუტებში, როგორიცაა გაერო და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. პეკინი ბოლო წლების განმავლობაში ცდილობს გამოიყენოს ჩინეთის ბაზრის მნიშვნელობა დიპლომატიური დავების დროსაც.

პოსტ პანდემიურ სამყაროში ჩინეთის გაძლიერებული პოლიტიკური გავლენა, სავარაუდოდ, პეკინთან თანამშრომლობის შესახებ დებატების აუცილებლობას გაზრდის მსოფლიოს მთავარ სახელმწიფოებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთთან სავაჭრო ტარიფები დააწესა, შეაჩერა ძირითადი ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობა და ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსი ჩინეთთან ეკონომიკურ დაშორებასაც უჭერს მხარს, ევროკავშირი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს უფრო მჭიდრო სავაჭრო და ინვესტიციურ კავშირები ჩამოაყალიბოს მასთან.

გადააჭარბებს თუ არა ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ს 2028 წელს - და შეძლებს თუ არა ზრდის შენარჩუნებას დაბერებული მოსახლეობის ზრდადი ტეპით - ეს ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის. თუმცა, ჯერჯერობით მსოფლიოში მისი ძალა და გავლენა იზრდება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტომ ჰენოკი