LIVE

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შესაძლოა გახანგრძლივდეს

12 მაი 202314:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 294
შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება შესაძლოა გახანგრძლივდეს

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის განცხადებით, მხარეები შავი ზღვის მარცვლეულის პაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმებას უახლოვდებიან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბოლო დღეებში უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლები მოლაპარაკებებს სტამბოლში აწარმოებდნენ. 

“(მხარეები) უახლოვდებიან შეთანხმებას მარცვლეულის პაქტის გახანგრძლივების თაობაზე”, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ.

გარდა ამისა, საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS, რომლის თანახმადაც, შეთანხმება სავარაუდოდ, 60 დღით გახანგრძლივდება.

"შეთანხმება, ვფიქრობ, 60 დღით გახანგრძლივდება, თუმცა ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გახანგრძლივებას დათანხმდება", - განუცხადა TASS-ს წყარომ, რომელიც მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული, თუმცა მისი ზუსტი ვინაობა არ სახელდება. 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას 18 მაისს ვადა გასდის. რუსეთი კი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრებოდა, რადგან რუსულ მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს დაბრკოლებები ექმნებოდა. 

შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება 2022 წლის ივლისში გაფორმდა. შეთანხმებაში შედიან უკრაინა, რუსეთი, თურქეთი და გაერო. იგი მიზნად ისახავს უკრაინული პორტებიდან მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ევროპისათვის უსაფრთხოდ მიწოდებას. გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტსაც.