LIVE

წლიური ინფლაცია 3,6%-ია, საბაზო ინფლაცია კი 6,6%-ს აღწევს

02 მარ 202120:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 706

თებერვალში წლიური ინფლაცია 3,6%-ია, საბაზო ინფლაციის დონე კი 6,6%-ს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის დონეს კვლავ საქსტატის მიერ საბოლოო მაჩვენებელში სუბსიდირებული კომუნალურების არ ასახვა ამცირებს.

თებერვალში, წლიურად, 6 პროცენტით გაძვირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები. 8 პროცენტით ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო. 12 პროცენტით საოჯახო ნივთები, თითქმის ათი პროცენტით კი ჯანმრთელობის დაცვა. მინუს მაჩვენებლით ხასიათდებოდა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ფასი, რომელიც წლიურად 21%-ით იყო შემცირებული. თუმცა, ამის მიზეზი ის არის, რომ მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს თებერვალშიც უსუბსიდირებდა. უკვე მარტიდან კი ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისას კომუნალური გადასახადების რეალური ღირებულება აისახება, რაც ცხადია, ინფლაციის მაჩვენებელსაც გაზრდის.

რაც შეეხება მიზეზებს, მართალია, ინფლაციის მაჩვენებელზე მეტწილად ვალუტის კურსი მოქმედებს ხოლმე, მაგრამ თებერვალში დრამატული სავალუტო რყევები არ ყოფილა. ამჯერად, ფასებზე მთავარი გავლენა პანდემიის ფონზე ბიზნესოპერატორებისთვის გაზრდილმა ხარჯებმა იქონია და გაძვირებულმა საწვავმა იქონია. რასაც ემატება გაძვირებული კომუნალური გადასახადები, რაც კერძო სექტორის დიდი ნაწილისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა აღმოჩნდა.

„განსაკუთრებით მკვეთრად გამოიხატა ფასის ცვლილება ენერგომატარებლებზე და საწვავზე, რაც პირდაპირპროპორციულად არის მიბმული დისტრიბუციაზე. ბოლო 5-6 თვის განმავლობაში საწვავი 40 თეთრით არის გაძვირებული, რაც საკმაოდ სერიოზული დარტყმაა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის. ეს ყველაფერი ერთად კი, რა თქმა უნდა, საკმაოდ ნეგატიურად მოქმედებს ფასზე. მოუხედავად იმისა, რომ მსყიდველობითუნარიანობა საკმაოდ არის დავარდნილი და ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილებაა ფასების გაზრდა, უბრალოდ, იძულებულები არიან კომპანიები პროდუქცია გააძვირონ, რომ კომპანია შეინარჩუნონ“, - განაცხადა „დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ.

თებერვალში, წლიურად ყველაზე მეტად, 62%-ით გაძვირდა მზესუმზირის ზეთი, 38,4%-ით წიწიბურა, 36,7%-ით კი შაქარი. შეგახსენებთ, ეს ის პროდუქტებია, რომელთა ფასის შენარჩუნების მიზნით, მთავრობამ გაზაფხულზე სუბსიდირების მექანიზმი აამოქმედა. ჯამში, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო, თუმცა მექანიზმი უშედეგო აღმოჩნდა.