LIVE

GWP აბონენტებს თანხას ისევ ერთიანად არიცხავს

11 მაი 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 529
GWP აბონენტებს თანხას ისევ ერთიანად არიცხავს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ წყლის გადასახადის დაგროვილი დარიცხვები თბილისის მოსახლეობისთვის კვლავ პრობლემაა.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი "ბიზნეს ფორმულასთან" ამბობს, რომ სემეკში შესული საჩივრების შესაბამისად, GWP მრიცხველის ჩვენებებს იღებდა არა ყოველთვიურად, არამედ გარკვეული პერიოდულობით, რამდენიმე თვის ან წლის შუალედში, რის გამოც აბონენტებს ერთიანად უწევდათ დაგროვილი გადასახადის გადახდა. მისივე ინფორმაციით, არის ისეთი დაგროვილი თანხებიც, რომელიც ხანდაზმულ დავალიანებას წარმოადგენს.

„გამოიკვეთა პრობლემების სისტემური ხასიათი. ერთი და იგივე დარღვევები საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, დიდი ხნის განმავლობაში, აღმრიცხველები არ მიდიოდნენ აბონენტებთან მისამართებზე და არ ხდებოდა რეალური ჩვენების აღება, რაც თავისთავად საბოლოო ჯამში დავალიანების მოგროვებას იწვევდა. კომპანია ვალდებულია, კონკრეტულ პერიოდში მიაკითხოს მრიცხველს, აიღოს ჩვენება შემდგომ მომხმარებელს თავის დროზე გაუგზავნოს“,- აცხადებს ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი.

აღნიშნულ პრობლემაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, რომ განცხადებების შესწავლის და კომპანიის მხრიდან დარღვევების დადასტურების შემდეგ, მარეგულირებელი მკაცრ სანქციებს გამოიყენებს და კომპანიას გაორმაგებული თანხით დააჯარიმებს.

ცნობისთვის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 20 მარტს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 75 000 ლარით უკვე დააჯარიმა. სემეკის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი სალიცენზიო პირობების დარღვევაა. კერძოდ, დაჯარიმების საფუძველია კომპანიის მიერ მრიცხველის ჩვენების არარეგულარული წაკითხვა და მოქალაქეებზე გადასახადის ერთიანად დარიცხვა.