
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას.
მარეგულირებლის განცხადებით, პერიოდულად სოციალურ ქსელებში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებგვერდზე მათი პირადი ინფორმაციის შევსების სანაცვლოდ, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით, გათამაშებაში მონაწილეობის მიღებას სთავაზობენ. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში, გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. მათ შორის, მომხმარებლებს ამ შეთავაზებების სხვა პირებთან გავრცელებისკენ უბიძგებდნენ.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი არანაირი მსგავსი სახის ონლაინ გათამაშების ორგანიზებას არ ახდენს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი ინფორმაციისა თუ მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მიერ სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი.
საქართველოს ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინონ ინტერნეტ სივრცეში ფინანსური თუ პირადი მონაცემების მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ შეთავაზების ნამდვილობა“, - აცხადებენ მარეგულირებელში.
ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მოუწოდებს, შემდეგი წესები დაიცვან:
- შემოწმების გარეშე არ გადასცენ სხვა პირებს პირადი მონაცემები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება;
- გადაამოწმონ ვებგვერდის მისამართი - ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმონ ის მისამართი, სადაც მონაცემების შეყვანას აპირებენ;
- შეაფასონ ვებგვერდის შიგთავსი (კონტენტი). ყალბი ვებგვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებგვერდის მსგავსი იყოს;
- დააკვირდნენ, რომ ტექსტი შინაარსობრივად იყოს გამართული და არ შეიცავდეს ორთოგრაფიულ შეცდომებს;
- უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდონ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შეთავაზებებს;
- გადაამოწმონ ვებგვერდის მფლობელი - www.WHO.is, მომხმარებელს კონკრეტული მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია.
სებ-ში აღნიშნავენ, რომ ნამდვილი ან ოფიციალური ვებგვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის (მაგ. PayPal) მეშვეობით.