LIVE

CEPA: რუსეთი ბედნიერია, სანამ ქართველები ერთმანეთს მტრობენ

03 მარ 202111:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 648
CEPA: რუსეთი ბედნიერია, სანამ ქართველები ერთმანეთს მტრობენ
David Mdzinarishvili/TASS via Reuters Connect

საქართველოში პოლიტიკური კრიზისისა და მისი საგარეო შედეგების შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა (CEPA) მორიგი ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა

ოპტიკური ძალა ოპოზიციის მხარესაა. “ნაციონალური მოძრაობის” სათავო ოფისზე შიარაღებული თავდასხმის ფოტოები მმართველ პარტიას, ”ქართულ ოცნებას” აზიანებს. დასავლელმა დიპლომატებმა განვითრებული მოვლენებისა და მათი შედეგების გამო, სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. საპროტესტო აქციები, სავარაუდოდ, ფართოდ გაშუქდება დასავლურ მედიაში.

თუმცა რა მოხდება, გაურკვეველია.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ოპოზიციის გრძელვადიან ხედვაზე. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ქართულ პოლიტიკაში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ძალა სუსტდებოდა. ახლა მის წინაშე რეალური შესაძლებლობა გამოჩნდა, მაგრამ ოპოზიციას ეკისრება ტვირთი, საკუთარი ერთგული ამომრჩევლების გარდა, სხვებიც დაარწმუნოს. 

სწორედ რიგით ქართველ ამომრჩევლზე გადის კრიზისის მოგვარების გზა. არჩევნების ლეგიტიმურობის შესახებ შიდაპარტიული დაპირისპირების მიღმა, პოლიტიკურ ელიტებსა და ადამიანების ყოველდღიურ პრობლემებს შორის მზარდი უფსკრულია. ამ გამოწვევებთან გამკლავება იოლი არ იქნება.

საზოგადოების მხარდაჭერის დაკარგვის საფრთხე როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას ემუქრება. გრძელვადიან ეკონომიკურ პრობლემებს, რომლებიც პანდემიამ კიდევ უფრო გაუსაძლისი გახადა, არცერთი მხარე არ აქცევს სათანადო ყურადღებას. ამ პრობლემების გადაწყვეტაზე მუშაობის ნაცვლად, ორივე მხარე პოლიტიკურ წარმოდგენაში მონაწილეობს.

მრავალი ამომრჩევლის თვალში, მიმდინარე კრიზისი არა დემოკრატიული პროცესი, არამედ, უფრო პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ მათი სოციალური და ეკონომიკური უფლებები ათწლეულების განმავლობაში ირღვევა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის ხელისუფლებაში.

ეს დამოკიდებულება ხსნის გასულ არჩევნებში ამომრჩევლის დაბალ აქტივობას. “ვარდების რევოლუციის” შემდეგ პირველ წლებში შესანიშნავი წარმატებების მიუხედავად, დამოუკიდებლობის მოპოვებისა და 90-იანი წლების შემდეგ, სუსტი ეკონომიკის გასაძლიერებლად საქართველოს გრძელვადიანი პოლიტიკა არ ჰქონია. 

ამ ყველაფერმა ქართული დემოკრატიისთვის ბრძოლას ხელი არ უნდა შეუშალოს. დღევანდელი დაპატიმრებები ქართულ პოლიტიკაში არსებულ ტენდენციას აძლიერებს- რწმენას, რომ მმართველი პარტია ყოველთვის კანონზე მაღლა დგას. ასე იყო ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის დროს, და ასეა მოქმედი მთავრობის შემთხვევაშიც. 

პოლიტიკაში ნაკლებად ჩართული მოქალაქეებისთვის არაფერი იცვლება. მათთვის ბოლო 30 წლის განმავლობაში ქართული პოლიტიკური ელიტა ერთ გზას ადგას. ეს განსაკუთრებით ტოქსიკურია ჯანსაღი დემოკრატიული ნორმების ჩამოყალიბებისთვის.

კრიზისს ასევე აქვს უფრო ფართო, რეგიონული განზომილება. სამხრეთ კავკასიაში ორი პატარა და ძალიან მყიფე დემოკრატიაა - სომხეთი და საქართველო. სომხეთს გასულ წელს დიდი დარტყმა მიადგა, რადგან ყარაბაღის ომში დამარცხების შედეგად ის კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა მოსკოვზე. რეგიონში დღეს რუსეთს ბევრად უფრო ძლიერი პოზიცია აქვს საიმისოდ, რომ დღის წესრიგის შეცვლა შეძლოს. სომხეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დასუსტებულია და საპროტესტო გამოსვლებს მასზე დიდი გავლენა აქვს. 

მსგავსი გამოწვევების წინაშე დგას საქართველო. იმ დროს, როდესაც ვაშინგტონი და ბრიუსელი ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ ურთიერთობას ალაგებენ და ბაიდენის ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს NATO-ს, პრობლემები საქართველოში მოსკოვისთვის საჩუქარია. ხელისუფლებაში არსებული ქაოსი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციას ასუსტებს და NATO-სა და ევროკავშირის წევრობაზე მის იმედს ძირს უთხრის.

ეს შიდაპოლიტიკური ჩიხი საქართველოს არამხოლოდ უსარგებლოს ხდის, ამ კრიზისის გამო, რაიმე ეკონომიკურ გარღვევას არ უნდა ველოდოთ. თუ საქართველო კურსს არ გაასწორებს, თბილისი საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას აუცილებლად დაკარგავს.

საბოლოოდ დემოკრატია ბევრად უფრო მეტია, ვიდრე შიდაპარტიული კონსენსუსი ან თუნდაც ღრმად პოლარიზებულ საზოგადოებაში შეთანხმება. დემოკრატია ყოველდღიურ პოლიტიკურ ჭიდილზე მეტია. დემოკრატიის მთავარი საზრუნავი ის პრობლემებია, რომელსაც ადამიანები ყოველ დღე აწყდებიან. დემოკრატიის ამ დონეს ჯერ ვერცერთმა პარტიამ ვერ მიაღწია.  

ნატო-სა და ევროკავშირში წევრობისკენ სწრაფვა ქართველი ამომრჩევლისთვის მთავარი პოლიტიკური ფილტრია და ორივე პარტია აცხადებს, რომ ისინი სწორედ ამ მისწრაფებებს წარმოადგენენ. მაგრამ ამ მისწრაფებების სრული შესრულება მხოლოდ შიდა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებითაა შესაძლებელი. გამარჯვებას მოიპოვებს ის პარტია, რომელიც ამ მოცემულობას მიიღებს და შესაბამისად იმოქმედებს.