LIVE

GPTZero - ხელოვნური ინტელექტის დეტექტორი, რომელიც პლაგიატს ავლენს

09 მაი 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 581
GPTZero - ხელოვნური ინტელექტის დეტექტორი, რომელიც პლაგიატს ავლენს

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებიდან ChatGPT ყველაზე მეტად მზარდი და პოპულარული ჩატბოტია, რომელიც ნებისმიერ თემაზე ადამიანურ ენასთან მაქსიმალურად მიახლოებული ფორმის პასუხებს იძლევა. შედეგად, სხვადასხვა სფეროში ადამიანსა და ჩატბოტს შორის განსხვავება უფრო მეტად ბუნდოვანი გახდა. სწორედ ამის გამო შეიქმნა GPTZero, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დეტექტორი პროგრამაა. იანვრიდან მოყოლებული GPTZero-ზე უკვე 1.2 მილიონი ადამიანი დარეგისტრირდა.

ჟურნალისტები, სცენარისტები, სკოლის მასწავლებლები თუ უნივერსიტეტის პროფესორები იმ ადამიანთა რიგებს მიეკუთვნებიან, რომელთაც ChatGPT-სა და ხელოვნური ინტელექტის სხვა ტექნოლოგიების მზარდი წინსვლა აღელვებთ. ამის ერთ-ერთი მიზეზი ადამიანების რობოტებით ჩანაცვლების შიშია, ხოლო მეორე - პლაგიარიზმი, რომელიც უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება როგორც მსოფლიო მედია საშუალებებში, ისე აკადემიურ და სასწავლო სივრცეებში. ბევრი ადამიანი ტექსტებს ხელოვნურ ინტელექტს აწერინებს; ხოლო განსხვავების გაკეთება ორ ტექსტს შორის, რომლიდანაც ერთი ხელოვნურმა ინტელექტმა დააგენერირა, მეორე კი ადამიანმა დაწერა, თითქმის შეუძლებელი ხდება. GPTZero სწორედ ამ საკითხის გადაჭრას ემსახურება.

GPTZero 22 წლის ედუარდ ტიანმა შექმნა. იგი პრინსტონის უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებასა და ჟურნალისტიკას სწავლობს. ტიენის განმარტებით, GPTZero-ს აპლიკაცია მან შექმნა იმისათვის, რათა საკლასო ოთახებსა და, ზოგადად, აკადემიურ სივრცეში ChatGPT-ის ბოროტად გამოყენება შეაჩეროს. 

GPTZero აანალიზებს ტექსტის შემთხვევითობასა და ამ შემთხვევითობის ერთგვაროვნებას, რის საფუძველზეც ადგენს, ადამიანმა დაწერა იგი თუ ხელოვნურმა ინტელექტმა. აპლიკაციის სიზუსტე ადამიანის მიერ დაწერილი ტექსტების შემთხვევაში 99%-ია; რაც შეეხება ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ ტექსტებს, ამ დროს GPTZero შემთხვევათა 85%-თან დაკავშირებით ზუსტია. 

ხელოვნური ინტელექტის დეტექტორის გამოყენებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისეთ მედია საშუალებებთან, როგორებიც BBC და New York Times არიან. 

მსგავსი ტექნოლოგია მანამდე ChatGPT-ის შემქმნელმა OpenAI-მაც გამოუშვა, თუმცა მისი სიზუსტე ძალიან დაბალია. გარდა ამისა, OpenAI-ს ვარიანტი ინგლისურის გარდა სხვა ენებზე ძალიან სუსტად მუშაობს.

ამჟამად ტიენი დამატებით ახალ პროგრამა Origin-ზე მუშაობს, რომელმაც, მისივე განმარტებით, “ჟურნალისტიკა უნდა გადაარჩინოს”. აღნიშნულ პროგრამას შესაძლებლობა ექნება, ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული შესაძლო დეზინფორმაცია ონლაინ მედიაში განთავსებული ფაქტებისაგან განასხვაოს.