
სოციალური ქსელი Twitter წაშლის ანგარიშებს, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიური არ არის. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ელონ მასკმა საკუთარ გვერდზე დაწერა.
მასკი მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ არააქტიური ანგარიშების წაშლის გამო, შეიძლება გამომწერების რიცხვი შეუმცირდეთ.
We’re purging accounts that have had no activity at all for several years, so you will probably see follower count drop
Twitter-ის მილიარდერი მფლობელის თქმით, არააქტიური ანგარიშები დაარქივდება. მას პროცესის დაწყების ზუსტი დრო არ დაუსახელებია. ასევე უცნობია, Twitter-ის მომხმარებლებს ექნებათ თუ არა წვდომა დაარქივებულ ანგარიშებზე.
Twitter-ის წესების თანახმად, მომხმარებელი 30 დღეში ერთხელ მაინც უნდა შევიდეს საკუთარ ანგარიშში იმისთვის, რომ ის არააქტიურობის გამო, სამუდამოდ არ წაიშალოს.
მიმდინარე თვის დასაწყისში მასკი National Public Radio-ის დაემუქრა, რომ Twitter-ზე მის ანგარიშს სხვა კომპანიას გადასცემდა, მას შემდეგ რაც მაუწყებელმა 52 გვერდზე შინაარსის გამოქვეყნება, პროტესტის ნიშნად შეწყვიტა.