LIVE

ევროკავშირი რუსეთის დახმარებაში ბრალდებული ჩინური კომპანიების სანქცირებას გეგმავს

08 მაი 202314:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 284
ევროკავშირი რუსეთის დახმარებაში ბრალდებული ჩინური კომპანიების სანქცირებას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკომისიამ სანქციები წარადგინა ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე შვიდი ჩინური კომპანიის წინააღმდეგ. კომპანიები რუსეთისთვის ისეთი მოწყობილობების მიყიდვაში არიან ბრალდებულნი, რომლებიც შესაძლოა რუსეთმა ომისთვის იარაღში გამოიყენოს.

სანქციები ძალაში მას შემდეგ შევა, რაც გაერთიანების 27 წევრი ქვეყანა ხელს მოაწერს ევროკომისიის ანგარიშს. აღსანიშნავია, რომ ჩინური კომპანიებიდან რამდენიმე უკვე აშშ-ის სანქციების ქვეშაა.

აღნიშნული კომპანიების ჩამონათვალში შედიან: 3HC Semiconductors, King-Pai Technology, Sinno Electronics და Sigma Technology - ყველა მათგანი ჰონგ-კონგშია დაფუძნებული და ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობს. ასე მაგალითად, ევროკომისიის აღნიშნული ანგარიში 3HC-ს, რომელიც კომპიუტერული ჩიპების მწარმოებელი კომპანიაა, ადანაშაულებს ექსპორტის კონტროლის თავიდან აცილებასა და რუსეთის სამხედრო და თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის მხარდასაჭერად ამერიკული წარმოშობის პროდუქტების შეძენაში. 

ორშაბათს პეკინში გამართულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა განაცხადა, რომ ჩინეთს რუსეთთან ღია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები აქვს. მისივე თქმით, თუ სანქციები ამოქმედდება, ეს ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთნდობას შეარყევს: “ძალიან საშიშია. ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, ამ არასწორი გზით სვლა არ გააგრძელოს; წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთ მტკიცე ზომებს მიიღებს თავისი ლეგიტიმური და კანონიერი ინტერესების დასაცავად”, - აღნიშნა ვენბინმა.