LIVE

IMF: საქართველოსა და სომხეთში 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდება

06 მაი 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 505
IMF: საქართველოსა და სომხეთში 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი მკვეთრად შენელდება

საქართველოსა და სომხეთში 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად შენელდება - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ მიმოხილვაშია ნათქვამი.

IMF-ის ანგარიშში, რომელიც კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონს ეხება, აღნიშნულია, რომ რეგიონის ქვეყნებში ზრდის ტემპის შემცირება, მათ შორის რუსეთიდან სავალუტო შემოდინებების კლებით იქნება გამოწვეული.

სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ დროებითი დადებითი ეკონომიკური ეფექტი მიიღეს. კერძოდ, რუსეთიდან მკვეთრად გაზრდილმა სავალუტო შემოდინებებმა და მიგრანტების ნაკადმა რეგიონის ქვეყნებში მაღალი მოთხოვნა და შესაბამისად, მაღალი ეკონომიკური ზრდა გამოიწვია.

თუმცა მიგრაციის ეფექტის კლებასთან ერთად სავალუტო ფონდი ელის, რომ წელს რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპი 4.8%-დან 4.2%-მდე შემცირდება. მათ შორის, ყველაზე მკვეთრი შენელება სომხეთსა და საქართველოში იქნება. კერძოდ, IMF ელის, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპი 4%-მდე შენელდება, ხოლო სომხეთში - 5.5%-მდე.

ამასთან, სავალუტო ფონდი ანგარიშში ისეთ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას როგორიცაა რეგიონში გაზრდილი ტრანზიტული ვაჭრობა.

„რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულმა სანქციებმა და სავაჭრო მარშრუტების ცვლილებამ რუსეთსა და რეგიონის ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირები გაამყარა, მათ შორისაა სომხეთი, საქართველო, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. სანქციებმა შეცვალა ტრადიციული სავაჭრო მარშრუტები ჩინეთსა და ევროკავშირს შორის, შესაბამისად, მარშრუტებმა რუსეთიდან მისი მეზობელი ქვეყნებისკენ გადაინაცვლა. ეს ცვლილებები მოიცავს ტრანზიტული ვაჭრობის ზრდას, მათ შორისაა საქართველო, ყირგიზეთი, სომხეთი. რუსეთთან გაზრდილი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ომის სცენარებისა რუსეთში ეკონომიკური ვითარების გაუარესების და სანქციების გაღრმავების პოტენციური რისკების წინაშე“, - ნათქვამია ანგარიშში.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მიგრანტების ეფექტი - რუსეთიდან გაზრდილი მიგრანტების ნაკადი და ფულადი გზავნილები სახელდება.