LIVE

ჯო ბაიდენი Microsoft-ის, Google-ისა და OpenAI-ს დირექტორებს შეხვდა

05 მაი 202316:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 402
ჯო ბაიდენი Microsoft-ის, Google-ისა და OpenAI-ს დირექტორებს შეხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებში წამყვანი საერთაშორისო კომპანიების დირექტორებს შეხვდა. ბაიდენმა Microsoft-ის, Google-ისა და OpenAI-ს ხელმძღვანელებთან ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების საკითხები მიმოიხილა. 

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ჩატბოტ ChatGPT-ის გამოჩენის შემდეგ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. ChatGPT ხელოვნური ინტელექტით მომუშავე ჩატბოტია, რომელიც კომპანია OpenAI-მა შექმნა და მას ამჟამად Microsoft აფინანსებს. სხვადასხვა კომპანია ამჟამად ხელოვნური ინტელექტზე მომუშავე ტექნოლოგიების თავიანთი ვერსიის შექმნას ცდილობს. 

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა კომპანიების წარმომადგენლებს უთხრა, რომ მათ უნდა გაითვალისწინონ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ადამიანებს, საზოგადოებებსა და სახელმწიფოთა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს. ბაიდენის თქმით, კომპანიების საქმიანობა მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. 

შეხვედრა თეთრ სახლში გაიმართა. პრეზიდენტთან ვიზიტზე იმყოფებოდნენ Google-ის, Microsoft-ისა და OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორები. ამასთან, შეხვედრას ესწრებოდნენ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, ეროვნული ეკონომიკის საბჭოს უფროსი ლაელ ბრაინარდი და კომერციის მდივანი ჯინა რაიმონდო.