LIVE

3 თვეში ტელე-რადიო მაუწყებლებმა რეკლამიდან ₾15.6 მილიონი მიიღეს - ComCom

05 მაი 202314:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 437
3 თვეში ტელე-რადიო მაუწყებლებმა რეკლამიდან ₾15.6 მილიონი მიიღეს - ComCom

2023 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლებმა რეკლამიდან ჯამურად 15.6 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.  

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სარეკლამო შემოსავალი 12.5%-ით შემცირდა.

„2023 წლის I კვარტალში ტელევიზიების კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 14.1 მლნ ლარს შეადგენს, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 2.2 მლნ ლარით ნაკლებია. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 66.7% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა, 2022 წლის I კვარტალთან შედარებით კი, სპონსორობის წილი 1.2%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი 5.5%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის I კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 2.6%-ითაა გაზრდილი და 1.5 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც პირდაპირ რეკლამას 87.82%, ხოლო სპონსორობას - 12.16% უკავია“, - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში. 

აღსანიშნავია, რომ სარეკლამო შემოსავალი მოიცავს კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს.

შეგახსენებთ, 2022 წლის 1 მარტიდან აზარტული თამაშების რეკლამა კანონით იკრძალება. რეგულაციის ამოქმედებამდე კი, აზარტული თამაშების ორგანიზატორი კომპანიები მაუწყებლების მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ. კერძოდ, გასული წლის I კვარტალში ტელე-რადიო მაუწყებლებმა აზარტული თამაშების სექტორიდან 4.8 მლნ ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს.