LIVE

ევროკავშირში ქართულ თაფლზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა მიწოდება კვლავ მცირეა

05 მაი 202314:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 171
ევროკავშირში ქართულ თაფლზე მოთხოვნა იზრდება, თუმცა მიწოდება კვლავ მცირეა

ევროკავშირში ქართულ თაფლზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა პროცესს წარმოების სიმცირე აფერხებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე ევროპის ბაზარზე თაფლის ექსპორტი შეჩერებულია, რადგან ადგილობრივ ბაზარზე თაფლის მარაგი ამოიწურა. სექტორის წარმომადგენლების ინფორმაციით, მაისიდან ახალი თაფლის დაწურვა დაიწყება და ექსპორტი ეტაპობრივად განახლდება.

კომპანია „აპიჯეოს“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ერეკლე ჩიკვაიძე „ბიზნეს ფორმულასთან“ აცხადებს, რომ მცირე წარმოების გამო, შემსყიდველ ორგანიზაციებთან კონტრაქტების დადების დროს გარკვეული პრობლემები იქმნება, რადგან ქართული თაფლი კვლავ ვერ აკმაყოფილებს ევროპის ბაზრის მოთხოვნას რაოდენობის თვალსაზრისით.

„სრულიად მკვდარი და გაუკვალავი ბაზარი იყო და ახლა იწყება ამ სექტორის გამოცოცხლება. 2017 და 2019 წელს შეგვხვდა მასობრივი პრობლემა თაფლის უვნებლობასთან და ხარისხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს წლებიც გამოვტოვეთ ექსპორტის ნაწილში. ჩვენ ყველა თაფლის სახეობისთვის ბაზარი არ გვაქვს ათვისებული",- აცხადებს „აპიჯეოს“ გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელი, ერეკლე ჩიკვაიძე.

ამასთან, ევროპული ბაზრის შესაბამისი ხარისხის მისაღწევად, თაფლის მწარმოებლები აღრიცხვიანობას და პერიოდულ ინსპექტირებას ითხოვენ.

მეფუტკრეთა გაერთიანებაში წელს დაახლოებით 500 ტონამდე თაფლის ექსპორტს ვარაუდობენ. გასულ წელს ქვეყნიდან 258 ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა.