LIVE

iPhone-ების გაყიდვით Apple-მა ერთ კვარტალში $51.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო

06 მაი 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 358
iPhone-ების გაყიდვით Apple-მა ერთ კვარტალში $51.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, რომელიც 2023 წლის 1-ელ აპრილს დასრულდა, Apple-ის შემოსავლებმა $94.8 მილიარდი შეადგინა, რაც წლიურად 3%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები შედარებით ნაკლებს, $92.6 მილიარდს პროგნოზირებდნენ. მიუხედავად მოსალოდნელზე უკეთესი ფინანსური შედეგებისა, კომპანიის გაყიდვები მეორე კვარტალში კიდევ 2.5%-ით შემცირდა. 

Apple-ის შემოსავლები აჩვენებს, რომ კომპანია, კომპიუტერებისა და სმარტფონების მსოფლიო ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მიუხედავად, წარმატებულია. ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Apple-ის აქციების ფასმა 2%-ით მოიმატა. 

მიუხედავად ამისა, Apple-ის გაყიდვები ზედიზედ გასული ორი ფისკალური კვარტლის განმავლობაში იკლებდა, თუმცა მოგება, წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, უცვლელი რჩება. 

სამი თვის განმავლობაში ყველაზე მეტი შემოსავალი, $51.3 მილიარდი, Apple-მა iPhone-ების გაყიდვით მიიღო. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აღნიშნული 1.5%-იან ზრდას აღნიშნავს. მიწოდების თვალსაზრისით, iPhone 14-ის მოდელი ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი აღმოჩნდა.

შემოსავლებში iPad-ების წილი 13%-ით შემცირდა და $6.67 მილიარდი შეადგინა. რაც შეეხება MacBook-ებს, მათი წილი შემოსავლებში 31%-ით შემცირდა: ჯამში კომპანიამ MacBook-ების გაყიდვებით $7.17 მილიარდი მიიღო. AirPods-ების, Apple Watch-ებისა და TV set-top box-ების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით $8.76 მილიარდი აღმოჩნდა. 

სერვისების მიმართულებით, რაშიც iCloud, Apple Music, App Store და TV+ სტრიმინგი ერთიანდება, Apple-მა $20.91 მილიარდი გამოიმუშავა - შედარებით ნაკლები, ვიდრე პროგნოზირებდნენ, თუმცა მეტი წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

Apple-ისა და სხვა ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც მსოფლიოს მრავალ მხარეში ოპერირებენ, მყარი დოლარის გამო შემოსავლები სხვა ვალუტებში გარკვეულწილად შემცირდა: “მიუხედავად გამოწვევებისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას”, - განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა.