LIVE

ბიზნესასოციაციები EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში პროგრესს ითხოვენ

04 მაი 202314:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 250
ბიზნესასოციაციები EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში პროგრესს ითხოვენ

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებით, ცხრა უმსხვილესმა ბიზნესასოციაციამ საქართველოს მთავრობას და ბრიუსელს ერთობლივი წერილით მიმართეს. ისინი ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისკენ მოუწოდებენ.

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, ბიზნესასოციაციების მოთხოვნაა, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, რისთვისაც მთავრობამ აუცილებლად უნდა შეასრულოს 12 პუნქტი. მისი თქმით, სტატუსის მიღება პირდაპირ ნიშნავს ბიზნესის განვითარებას და სტაბილურობას ქვეყანაში.

„აუცილებლად გვჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს არის პირველ რიგში პოლიტიკურად მნიშვნელოვანი აქტი. ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის და წარმატებული ოპერირებისთვის საჭიროა სტატუსი მიღება, რაც თავისთავად ნიშნავს დამატებით უპირატესობების მიღებას ევროკავშირისგან“,- აცხადებს EUGBC-ის გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი ბიზნესასოციაციები: გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება, სავაჭრო და სამრეწველო პალატა - საფრანგეთი-საქართველო, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში, ამერიკის სავაჭრო პალატა, საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია, დამსაქმებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო.