LIVE

საქართველოში ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 51%-ია, ევროკავშირში 16%

04 მაი 202314:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 458
საქართველოში ჯანდაცვაზე მოსახლეობის ჯიბიდან გადახდები 51%-ია, ევროკავშირში 16%

Galt & Taggart-ის ჯანდაცვის სექტორის მიმოხილვის თანახმად, საქართველოში ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდები, ანუ მოქალაქეების მიერ სამედიცინო დაწესებულებებისთვის პირდაპირი გზით ანაზღაურება, მაღალი რჩება.

2014-2022 წლებში მთავრობის დაფინანსების ზრდამ და კერძო სადაზღვევო სექტორის განვითარებამ ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში 15 პროცენტული პუნქტით 51%-მდე შეამცირა, თუმცა ეს კვლავ მაღალი მაჩვენებელია ევროკავშირის (16%) და შესადარისი ქვეყნების (38%) საშუალოსთან შედარებით.

სახელმწიფო ხარჯები ჯანდაცვაზე 2014-2022 წლებში თითქმის გასამმაგდა და 2 მლრდ ლარი შეადგინა. 2022 წელს ჯანდაცვაზე ჯამური დანახარჯებიდან, 4.7 მილიარდი ლარიდან, 2.4 მლრდ ლარი ჯიბიდან გადახდებზე მოდიოდა.

მიმოხილვის თანახმად, ჯიბიდან გადახდების მაღალ დონეს საქართველოში, ძირითადად, მედიკამენტებზე დანახარჯები განაპირობებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის მიხედვით, 2030 წლისთვის, მთავრობა ჯიბიდან გადახდების წილის 30%-მდე შემცირებას გეგმავს

Galt & Taggart-ის ერთ-ერთი მიგნებაა ისიც, რომ საქართველოს ჯანდაცვაში კერძო სექტორის წილი მაღალია ბევრ განვითარებად და განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით. საქართველოში კერძო, მოგებაზე ორიენტირებული საავადმყოფოების ხვედრითი წილი მთლიანი რაოდენობის 86%-ს შეადგენს, დანარჩენი 14% (ძირითადად სპეციალიზებული სამედიცინო დაწესებულებები, როგორებიცაა ფსიქიატრიული, ნარკოლოგიური და ა.შ.) კი სახელმწიფო საკუთრებაშია.