LIVE

EU-ს ახალი სანქციები შესაძლოა შეეხოს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარებიან

04 მაი 202318:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 357
EU-ს ახალი სანქციები შესაძლოა შეეხოს ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს სანქციების არიდებაში ეხმარებიან

ევროკავშირი განიხილავს სანქციების ახალ მექანიზმს მესამე ქვეყნებისთვის, რომლებიც, ბლოკის შეფასებით, არ აკეთებენ საკმარისს იმისათვის, რომ რუსეთმა სანქციების თავიდან არიდება ვერ შეძლოს. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ძირითადი საქონლისა და ტექნოლოგიების ვაჭრობის მკვეთრად გაზრდილ მაჩვენებლებს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ამის შესახებ Bloomberg-ი საკითხში გარკვეულ პირებზე დაყრდნობით წერს

წყაროების განმარტებით, ინსტრუმენტის უპირველესი მიზანია შეაჩეროს რუსეთის მიმართ ქვეყნების დახმარება და ჩაახშოს სავაჭრო არხები, რომლებსაც შესაძლოა მოსკოვი იყენებს. თუ ეს ნაბიჯი არაეფექტური აღმოჩნდება, მაშინ ბლოკი ძირითად საქონელზე მიზნობრივ შეზღუდვებზე გადავა. 

გამოცემა წერს, რომ სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში ბლოკი აფართოებს ექსპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და კრძალავს რუსეთის გავლით გარკვეული საქონლის ტრანზიტს. 

ოფიციალური პირების თქმით, ევროკავშირის სანქციების ახალი, რიგით მე-11 პაკეტი ძირითადად ყურადღებას გაამახვილებს არსებული სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობებისა და ხარვეზების სრულად აღმოფხვრაზე. გარდა ამისა, ზომები ბლოკს შეზღუდვების აღსრულების შესაძლებლობების გაძლიერების საშუალებას მისცემს. 

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ რუსეთში ნახევარგამტარების, ინტეგრირებული სქემებისა და სხვა ტექნოლოგიების იმპორტი გაიზარდა ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, თურქეთი, ჩინეთი და სხვა.

აღსრულების ახალი მექანიზმი ბლოკის წევრ ქვეყნებს საშუალებას მისცემს შექმნან ორი სია: ერთში ქვეყნები, მეორეში კი აკრძალული საქონელი შევა. 

წყაროების თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ზომები ჩინეთს საწყის ეტაპზევე შეეხოს. ისინი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ცენტრალური აზიის ქვეყნებსა და რუსეთის მეზობლებზე.

მასალაში საქართველო ნახსენები არ არის, თუმცა შეერთებული შტატების სანქციების კოორდინატორმა ჯიმ ობრაიენმა გასულ კვირას „ამერიკის ხმასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთში ზოგიერთი ელექტრონული საქონლის ტრანზიტი, მათ შორის საქართველოდანაც, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

შემოთავაზებული პაკეტი გააადვილებს სანქციების ამოქმედებას მესამე ქვეყნების კომპანიებზე, რომლებიც გვერდს უვლიან ევროკავშირის შეზღუდვებს.

ევროკავშირის სანქციების მიღებას ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება. ქვეყნები წინადადებებს უახლოეს დღეებში განიხილავენ. მოსალოდნელია, რომ ბლოკი ზომებზე მუშაობის მიმდინარე თვის ბოლოსთვის, შვიდეულის სამიტის წინ დაასრულებს.  

ევროკავშირი ასევე გეგმავს, რომ გააფართოოს არსებული აკრძალვები, რომლებიც ეხება მანქანებს, მაღალი კლასის ტექნოლოგიებს, რასაც რუსეთი უკრაინაში იყენებს, სამრეწველო საქონელს, რკინას და ფოლადს. საქონელზე აკრძალვები შეიძლება გავრცელდეს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებსა და ამ ნივთების წარმოებისთვის გაცემულ ლიცენზიებზე.

ახალი პაკეტი ასევე აწესებს შეზღუდვებს მისაბმელებზე, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსული სატვირთო მანქანების ტვირთების ევროკავშირის სატვირთო მანქანებისთვის მიბმა, როგორც კი ისინი მიაღწევენ ბლოკის საზღვრებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი, სავარაუდოდ, დააზუსტებს წესებს, რომლებიც პორტებში შესვლას და სერვისების გამოყენებას კრძალავს. 

მოსალოდნელია, რომ ინდივიდუალური სანქციები დამატებით ათობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხება.

დამატებით, ევროკავშირი განიხილავს რუსი ოპოზიციონერის, ვლადიმერ ყარა-მურზას საქმესთან დაკავშირებული პირების სიის შექმნის შესაძლებლობას.