LIVE

8 ავიარეისი კვირაში - ქუთაისიდან ათენსა და სალონიკში ფრენების სიხშირე გაიზრდება

03 მაი 202316:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 491
8 ავიარეისი კვირაში - ქუთაისიდან ათენსა და სალონიკში ფრენების სიხშირე გაიზრდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენის რაოდენობა გაიზრდება. წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში პირდაპირი რეგულარული რეისები კვირაში 8 სიხშირით შესრულდება, აქედან 5 ფრენა ათენში, 3 კი სალონიკში განხორციელდება. 

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ ამის შესახებ საქართველოში საბერძნეთის სრულუფლებიან ელჩთან მარია თეოდორუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„საბერძნეთი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო მიმართულებაა. ქუთაისის აეროპორტიდან სისტემატურად ვზრდით სიხშირეებსა და მიმართულებებს. წლის ბოლომდე ჩვენი აეროპორტიდან ათენისა და სალონიკის მიმართულებით ჯამურად კვირაში 8 სიხშირე გვექნება, რაც ნიშნავს, რომ მოთხოვნა არსებობს და ჩვენს ქვეყნებს შორის მოგზაურობის კუთხით დაინტერესება დიდია, როგორც საქართველოს, ისე საბერძნეთის მოქალაქეების მხრიდან. მივესალმებით, ამ მიმართულებით საქართველოში საბერძნეთის ელჩის აქტიურობას. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო გავაღრმავებთ და ვიპოვით შესაძლებლობებს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობას“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის (ათენი და სალონიკი) მიმართულებით და უკან, ჯამში 57 000-მა ადამიანმა იმგზავრა.