
მოქალაქეების უმრავლესობას ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან სურს, ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს ერთობლივ კვლევაშია აღნიშნული.
კითხვაზე, რომელ ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან უნდა ჰქონდეს საქართველოს ყველაზე მჭიდრო პოლიტიკური/ეკონომიკური თანამშრომლობა? პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ევროკავშირთან პოლიტიკური თანამშრომლობის მომხრე გამოკითხული მოსახლეობის 54%-ია, ეკონომიკურ თანამშრომლობას კი მხარს 52% უჭერს. აშშ-სთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამოკითხულთა 32%, ეკონომიკურს კი 31% ემხრობა, რუსეთთან პოლიტიკური კავშირის მომხრეა 12%, ხოლო ეკონომიკური კავშირის - 16%.
უმრავლესობა კვლავაც ფიქრობს, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.
გამოკითხულთა უმრავლესობას რუსეთთან ახლო ურთიერთობას ევროპული და ევრო - ატლანტიკური ინტეგრაცია ურჩევნია.
კვლების თანახმად, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები უნდა შეზღუდოს ან ისე დატოვოს, როგორც არის.
კვლევა ჩატარდა NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ. გამოკითხვის ფარგლებში ყველა ინტერვიუ შედგა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. საველე სამუშაოები 17-23 მარტს მიმდინარეობდა. გამოკითხვა მოიცავს 1 032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 2%. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).