მოსახლეობის 69%-ის თანახმად, ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ. ამის შესახებ საუბარია კვლევაში, რომელიც NDI-ს დაკვეთით CRRC საქართველომ ჩაატარა.
2023 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხულების 35% ამბობს, რომ მათი ფინანსური შესაძლებლობა არ შეცვლილა, 34%-ს ახლა ნაკლები შესაძლებლობა აქვს, 28% აცხადებს, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდა.
კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით, ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.
2023 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხულების 48% საქართველოს ეკონომიკის ამჟამინდელ მდგომარეობას ცუდად, 42% საშუალოდ, 9% კი კარგად აფასებს.
კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისელები და ოპოზიციის მხარდამჭერები ეკონომიკის მდგომარეობას სხვებზე უფრო კრიტიკულად აფასებენ.
ამასთან, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს.
კითხვაზე, თუ რამდენად დარწმუნებული არიან, რომ მთავრობა ეკონომიკურ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებს, 2023 წლის მარტის მონაცემებით, გამოკითხულების 50% პასუხობს, რომ დარწმუნებული არ არის, 35% დარწმუნებულია, 15%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტს. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით. ყველა ინტერვიუ ჩატარდა სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით - შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის წარმომადგენლობითია (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).