LIVE

კალაძის თქმით, თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

03 მაი 202311:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 639
კალაძის თქმით, თბილისში ტაქსის საფასურის გადახდა QR კოდითაც იქნება შესაძლებელი

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, 22 მაისიდან, მოქალაქეები თბილისში ტაქსის საფასურის გადახდას სპეციალური QR კოდის მეშვეობითაც შეძლებენ.  

კალაძის თქმით, QR კოდით გადახდა ნებაყოფლობითი იქნება და კოდი ნებისმიერ ანგარიშს დაუკავშირდება. 

„დღეის მდგომარეობით, ტაქსიში საფასურის გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულითაა შესაძლებელი, რადგან მძღოლებს საბანკო ტერმინალების შეძენის საშუალება არ აქვთ. კომპანია BKN301 Georgia-მ შემოგვთავაზა საინტერესო წინადადება. ვფიქრობ, ეს გადახდების მიღების ინოვაციური და სწრაფი მეთოდია QR კოდის გამოყენებით. ის შესაძლებელია მიებას ნებისმიერი პირის ანგარიშის ნომერს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ასევე აღნიშნა, რომ კოდებს მძღოლები 22 მაისიდან თბილისის სხვადასხვა სერვისცენტრში მიიღებენ.

„QR კოდები განთავსდება ავტომობილების სკამების საზურგეებსა თუ სხვა ადგილებზე. მომხმარებელი მობილური ტელეფონით დაასკანერებს QR კოდს და მარტივად გადაიხდის მგზავრობის საფასურს, ხოლო ტაქსის მძღოლი მომენტალურად მიიღებს თანხას მის საბანკო ანგარიშზე. სურვილისამებრ, მძღოლები კოდებს მიიღებენ 2023 წლის 22 მაისიდან დედაქალაქის სხვადასხვა სერვისცენტრში. კერძოდ, თბილისის მერიის სერვისცენტრი - ჟ. შარტავას ქ. N7; სამგორის სერვისცენტრი - მოსკოვის გამზირი N14; გლდანის სერვისცენტრი - დ. სარაჯიშვილის ქ. N1გ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.