LIVE

სოფლის მეურნეობაში ხელოვნური ინტელექტი ვითარდება

07 მაი 202315:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 497
სოფლის მეურნეობაში ხელოვნური ინტელექტი ვითარდება

ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში ინერგება. სასუქების შესასხურებლად, მიწის სადეზინფექციო ფუნგიციდების გამოსაყენებლად და დასათესად ხელოვნური ინტელექტით მართვადმა დრონებმა შესაძლოა ტრადიციული მძიმე ტექნიკა ჩაანაცვლონ. 

გლობალურად ბოლო 20 წლის განმავლობაში ფერმერები დრონებს ჰაერიდან ფოტოების გადასაღებად იყენებენ; დრონების საშუალებით ისინი ძირითადად რუკებს ადგენდნენ; დღეს დრონები სოფლის მეურნეობის სფეროში მიწებისთვის უფრო და უფრო მეტად გამოიყენება მოსავლის მართვისა და მოვლის მიზნით: დრონებით შეიძლება ჰერბიციდების (არასასურველი მცენარეულობის გამანადგურებელი ქიმიური ნივთიერებები), ინსექტიციდებისა (შხამები მავნებელი მწერების მოსასპობად) და სხვადასხვა სასუქების სიზუსტით შესხურება; გარდა ამისა, დრონების გამოყენებით შესაძლებელი ხდება მოსავლის დათესვაც. 

სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი დრონების ერთ-ერთი ცნობილი მწარმოებელი კომპანია Hylio-ა, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა, არტურ ერიკსონმა დრონები  “ბუმბულისმაგვარ მფრინავ ტრაქტორებსაც” კი შეადარა. Hylio აშშ-ში, ჰიუსტონში დაფუძნებული სტარტაპია, რომლის პროდუქციაზე მოთხოვნაც გასული სამი წლის განმავლობაში იზრდება. Hylio-ს დაახლოებით 700 დრონი ყოველწლიურად 700 000 ჰექტარ მიწას ამუშავებს. ამრიგად, მოსავლის ასაღებად დრონებს უკვე იყენებენ სოფლის მეურნეობაში. 

დრონების გამოყენების ზრდამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ტრაქტორების ინდუსტრიას სოფლის მეურნეობაში. მიუხედავად ამისა, აგროდრონების განვითარება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია პლანეტისთვის. ისინი ტრაქტორებთან შედარებით 10-ჯერ ნაკლებ ენერგიას ხარჯავენ; რაც მთავარია, არ ჭრიან ნათესებს და აკურატულად მუშაობენ. 

აგროდრონები დრო და დრო მეტად იხვეწება: მათ უფრო პატარა და დიდი ხანგრძლივობის მქონე ბატარეები აქვთ. რაც მთავარია, ისინი ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით მუშაობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ გაიგონ, სად და რა რაოდენობის ქიმიკატის შეყვანაა საჭირო. 

ჯერჯერობით დრონები ტრაქტორებს მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს. მიუხედავად ამისა, ტრაქტორების მწარმოებელმა ორმა უმსხვილესმა კომპანიამ - ამერიკულმა Deere & Co  და ინდურმა Mahindra & Mahindra - დრონებში ინვესტიციების ჩადება უკვე დაიწყეს.