
რუსეთმა სომხეთში გაზის მიწოდება 4 დღით შეწყვიტა. როგორც Gazprom Armenia აცხადებს, დროებით გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა.
სომხეთისთვის რუსეთი გაზის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. გასულ წელს სომხეთში რუსეთიდან 2.6 მილიარდი კუბური მეტრის ოდენობის გაზი შევიდა.
Gazprom Armenia რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი Gazprom-ის შვილობილი ფირმაა. მისი განცხადებით, 1-ელი მაისის ადგილობრივი დროით 08:00 საათიდან 4 მაისის 20:00 საათამდე სომხეთში რუსეთიდან გაზი აღარ შევა.
კომპანიის განცხადებით, სარემონტო სამუშაოები ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის გაზსადენის მონაკვეთზე, რუსეთის სამხრეთით, სტავროპოლის რეგიონში ჩატარდება. სომხეთს კი, გარკვეული დროის განმავლობაში, გაზი რეზერვებიდან მიეწოდება.