LIVE

იტალიაში ChatGPT კვლავ ხელმისაწვდომია - OpenAI-მა მარეგულირებლის მოთხოვნები შეასრულა

30 აპრ 202319:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 352
იტალიაში ChatGPT კვლავ ხელმისაწვდომია - OpenAI-მა მარეგულირებლის მოთხოვნები შეასრულა

ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი ChatGPT იტალიაში კვლავ ხელმისაწვდომი გახდა. მას შემდეგ, რაც ხელოვნური ინტელექტის შემქმნელმა კომპანია OpenAI-მა იტალიური მარეგულირებლის მოთხოვნები შეასრულა, ქვეყანაში ChatGPT აღდგა.

გასულ თვეს იტალიაში ChatGPT დაიბლოკა: იტალიის მონაცემთა დაცვის სააგენტო Garante-მ დროებით აკრძალა ჩატბოტი და ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის მიერ კონფიდენციალურობის წესების სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება. Garante-მ მოთხოვნების შესასრულებლად OpenAI-ს დრო აპრილის ბოლომდე მისცა, მანამდე კი ChatGPT ქვეყანაში დროებით დაიბლოკა. გასულ თვეს Garante აცხადებდა, რომ ChatGPT-ს არ ჰქონდა ლეგალური უფლება, რომელიც ჩატბოტის მიერ პერსონალური ინფორმაციისა და მონაცემების მასობრივად შეგროვებას გაამართლებდა. ამასთან, Garante-მ OpenAI-ს ბრალი დასდო იმაში, რომ ChatGPT 13 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაც ხელმისაწვდომია. OpenAI-მა განაცხადა, რომ ამიერიდან ChatGPT-ზე რეგისტრაციის მსურველთა ასაკი შემოწმდება. 

კომპანიამ პარასკევს განაცხადა, რომ იგი კონფიდენციალურობისა და მონაცემთა დაცვის პოლიტიკას უფრო ხელმისაწვდომსა და ხილვადს გახდის. Garante იმედოვნებს, რომ OpenAI ევროკავშირის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ რეგულაციებს მომავალშიც პატივს სცემს და გაითვალისწინებს. 

იტალია იყო პირველი ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც ChatGPT აკრძალა, რამაც ბევრ სხვა ქვეყანაში მიიქცია კანონმდებლებისა და მარეგულირებლების ყურადღება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ხუთშაბათს ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც აიძულებს ხელოვნური ინტელექტის შემქმნელ კომპანიებს, საჭიროების შემთხვევაში გაამჟღავნონ საავტორო უფლებებით დაცული ნებისმიერი მასალა, რომელიც მათი სისტემების შესაქმნელად გამოიყენება.