LIVE

Meta-მ წელი წარმატებულად დაიწყო - კვარტალური მოგება $5.7 მილიარდია

30 აპრ 202316:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 417
Meta-მ წელი წარმატებულად დაიწყო - კვარტალური მოგება $5.7 მილიარდია

Meta-მ, Facebook-სა და Instagram-ის მშობელმა კომპანიამ, 2023 წლის პირველი კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 3%-იანი წლიური ზრდის შედეგად, მოგებამ $5.7 მილიარდი შეადგინა. ეს ფაქტი მოულოდნელი იყო, კომპანიაში სამუშაო ადგილების შემცირების ფონზე.

კომპანიაში ასეთი მოგების მთავარ მიზეზად ბიზნესზე ხელოვნური ინტელექტის (AI) დადებით გავლენას ასახელებენ.

მთლიანმა ბრუნვამ პირველ კვარტალში $28.6 მილიარდი შეადგინა, ხოლო Facebook-ის ყოველთვიურ მომხმარებელთა რიცხვი 3 მილიარდამდე გაიზარდა.

„ჩვენი საზოგადოება აგრძელებს ზრდას და ჩვენ, როგორც კომპანია ახალი პროდუქტების სწრაფად დანერგვაში ვხდებით უფრო ეფექტურები, რათა გავიმყაროთ პოზიციები გრძელვადიანი ხედვის მომხმარებლამდე მისატანად,“ - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი.

როგორც ცუკერბერგი ინვესტორებთან აცხადებს, Meta ხედავს „შესაძლებლობას თავისი AI წარუდგინოს მილიარდობით ადამიანს სასარგებლო და გამოსაყენებელი გზებით“.

რამდენიმე დეტალის წარდგენისას ცუკერბერგმა თქვა, რომ Meta „WhatsApp-სა და Messenger პლატფორმებზე ჩათის გამოცდილებას იკვლევდა, ასევე Facebook და Instagram პოსტებისა და რეკლამების ვიზუალური კონტენტის შექმნის ინსტრუმენტებს, რომლებსაც დროთა განმავლობაში ვიდეო და მულტიმოდალური გამოცდილებებიც დაემატება“.

კომპანია თავისი კერძო AI-ის კომერციალიზაციას აპირებს, რაც გულისხმობს Google-თან ერთად, გაერთიანებული ძალებით ტექნოლოგიისთვის პრაქტიკული აპლიკაციების მოძიებას, ინდუსტრიის საერთო აჟიოტაჟის ფონზე.

Meta-მ Facebook-ის ხელოვნური ინტელექტის კვლევის ლაბორატორია 2013 წელს დააარსა, მაგრამ ამ სფეროში ისეთი განვითარება, როგორიც, მაგალითად Microsfot-ს აქვს, ვერ განიცადა. თუმცა ცუკერბერგი ამტკიცებს, რომ „Meta-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურა აღარ ჩამორჩება ამჟამინდელი განვითარების დონეს“ და შემდეგ თვეში Meta AI-ის პროდუქტების, როგორცაა წინადადებებისა და გრაფიკების მყისიერი გენერირება, გამოსვლას აანონსებს. მან დასძინა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება Metaverse-ის, Meta-ს ვირტუალური რეალობის პროექტის ხარჯზე.

კომპანიის პოზიტიური ფინანსური მაჩვენებლები, ემთხვევა Meta-ში სამუშაო ადგილებისა და პროექტების შემცირების პერიოდს, რისი მიზანიც, ცუკერბერგის თქმით, 2023 წლის „ეფექტურობის გაზრდა“ იყო. ამერიკის ტექნოლოგიურ ბაზარზე Meta-მ ყველაზე მეტი, თითქმის მეოთხედი, 20 000 გლობალური თანამშრომელი შეამცირა რამდენიმე თვეში.

ცუკერბერგმა 2022 წელს „გამოღვიძების ზარი“ უწოდა და თქვა, რომ გონივრული იქნება „მოვემზადოთ იმ შესაძლებლობისთვის, რომ ეს ახალი ეკონომიკური რეალობა მომდევნო წლების განმავლობაშიც გაგრძელდება“.