LIVE

Wizz air ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს

27 აპრ 202310:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 329
Wizz air ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს

Wizz air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებას იწყებს. სიახლე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა გაავრცელა.

მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, ახალი მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით 1-ელი დეკემბრიდან შესრულდება.

მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მეოთხე ბაზირებული ხომალდის მეშვეობით, სხვადასხვა მიმართულებით სიხშირეები გაიზრდება და ზოგიერთი მიმართულება კვირაში 3 და 4 სიხშირით შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ერთი წლის განმავლობაში, ერთდროულად Wizz Air-ის ორი ბაზირებული ხომალდი დაიწყებს ოპერირებას.

"ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან უმნიშვნელოვანეს შეთანხმებას მივაღწიეთ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის ბოლოსთვის ერთდროულად Wizz Air-ის 4 ბაზირებული ხომალდი იქნება. რაც გამოიწვევს კიდევ უფრო მეტი ადგილობრივი კადრის დასაქმებას და შექმნის 40-მდე ახალ სამუშაო ადგილს. ასევე, კიდევ ერთი ბაზირებული ხომალდი იქნება იმის გარანტი, რომ არსებულ მიმართულებებზე ავიაკომპანიას შესაძლებლობა ექნება რეისებისა და სიხშირეების რაოდენობის ოპტიმიზაცია მოახდინოს. მეოთხე ბაზირებული ხომალდი ასევე, საშუალებას იძლევა ქუთაისის აეროპორტი Wizz Air-ის მცირე ბაზიდან ეტაპობრივად საშუალო ზომის ბაზად გარდაიქმნას. რაც შემდგომი სტაბილური განვითარებისა და ზრდის წინაპირობაა", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

საქართველოდან ევროპის მიმართულებით ყველაზე მეტი პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდება.