LIVE

500 Global: საქართველოში 100-ზე მეტ კომპანიას განვავითარებთ და მათში ინვესტიციასაც ჩავდებთ

27 აპრ 202311:39
3 წუთის საკითხავი
clock clock 331
500 Global: საქართველოში 100-ზე მეტ კომპანიას განვავითარებთ და მათში ინვესტიციასაც ჩავდებთ

500 Global-მა ქართულ ბაზარზე ინვესტირება დაახლოებით 40 კომპანიაში განახორციელა და მათ განვითარებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ 500 Global-ის პარტნიორმა პედრო ვიეირამ „ბიზნეს ფორმულას“ დილის გამოშვების რუბრიკაში „ბიზნეს ლიდერები“ სტუმრობისას განაცხადა. 

მისი განმარტებით, ინვესტირებული კომპანიების ჩამონათვალი გაიზრდება და 100-ს გასცდება. პედრო ვიეირა აღნიშნავს, რომ საქართველოში 500 Global-ს გრძელვადიანი გეგმები აქვს.

„ჩვენი გეგმები გრძელვადიანია. ფორმალურად 4 წლიანი ვალდებულება გვაქვს აღებული კომპანიებში ინვესტირების და მათი განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ არ შევდივართ ამა თუ იმ რეგიონში მოკლევადიანად. ეს მხოლოდ დასაწყისია. უფრო სწორად, დასაწყისიც არ არის, რადგან ადრე გავაკეთეთ პროექტი მთავრობასთან თანამშრომლობით, GITA-ს და საქართველოს ბანკის ჩართულობით. ეს ოთხი წელი ამის გაგრძელებაა. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ აუცილებლად განვავითარებთ 100-ზე მეტ კომპანიას და მათში ინვესტიციასაც ჩავდებთ. ეს უკვე გავაკეთეთ დაახლოებით 40 კომპანიაში და მათი რიცხვი მალე გაიზრდება. ასე რომ, ჩვენი მიზანი აქ დარჩენაა“, - აღნიშნა პედრო ვიეირამ.

500 Global-ის პორტუგალიელი პარტნიორის პედრო ვიეირას განცხადებით, საქართველოსა და პორტუგალიას შორის ბევრი საერთოა. ვიეირას თქმით, პორტუგალიის მსგავსად აქ მეგობრული გარემო და პატარა ბაზარია. ბაზრის სიმცირე კი სტარტაპებს გლობალურ ბაზარზე გასვლის მოტივაციას აძლევს.

„საქართველოს და პორტუგალიას შორის ბევრი მსგავსებაა. ამას ჩემს მეგობრებს ყოველთვის ვეუბნები. საქართველო ძალიან მეგობრული ქვეყანაა, რომელსაც ბევრი სხვა რელიგიის, კულტურის და საზოგადოებრივი ჩვევის დიდი მიმღებლობა აქვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სტარტაპებს ქმნიან. ასეთ დროს ყველანაირი ტალანტია საჭირო და ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ადამიანები თავს მიღებულად გრძნობენ. გარდა ამისა, საქართველოში ტალანტების სიმრავლეა. მართალია, კომერციულ ნაწილში არის პრობლემები, ისევე როგორც ბევრ სხვა განვითარებად ბაზარზე, მაგრამ ეს არ არის საქართველოსთვის უნიკალური გამოწვევა. ამ გამოწვევასთან გამკლავება შესაძლებელია ისეთი ორგანიზაციების დახმარებით, როგორიცაა 500 Global-ი.

კიდევ ერთი, რითაც საქართველოს პორტუგალიას ვამსგავსებ არის ის, რომ ადგილობრივი ბაზარი ძალიან პატარაა. ეს განაპირობებს იმას, რომ გვხვდებიან სუპერმოტივირებული დამფუძნებლები, რომლებმაც დღე პირველიდან იციან, რომ თუ რაღაც დიდის შექმნა სურთ, ორიენტირი გლობალურ ბაზარზე უნდა აიღონ.  ეს ასეც უნდა იყოს, მათ უნდა იფიქრონ გლობალურად და დასაწყისისთვის საკუთარი პროდუქტი საქართველოში დატესტონ, რადგან ადგილობრივი ბაზარი ერთგვარი ლაბორატორიის ფუნქციას ასრულებს. პატარა ბაზრის დადებითი მხარეა ისიც, რომ ადვილია იმუშაო წამყვან ბრენდთან, ბანკთან, ტელეკომუნიკაციების ან ჯანდაცვის კომპანიასთან. შემდეგ, როგორც კი პროდუქტი ვალიდაციას გაივლის, გადაერთო სხვა ქვეყნებში გაყიდვებზე. ეს ძალიან კარგია, რადგან ადგილობრივი ბაზრის სიმცირე ხდება მოტივაცია გლობალურ ბაზარზე გასასვლელად. ჩემი აზრით, ამ ფაქტორების კომბინაცია ქართული კომპანიების აქსელერაციას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის“, - განაცხადა 500 Global-ის პარტნიორმა.

პედრო ვიეირას თქმით, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც 500 global-მა გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა და 500 Georgia-ს შექმნა, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი და გარემო იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიების ჰაბად.