
PMC კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, 2023 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 9 600 ლარს ან უფრო მეტს იღებდნენ, წლიურად 29.9%-ით გაიზარდა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 67.5% იყო. გასულ თვეში 9 600 ლარიანი, ან უფრო მაღალი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 3.1%-ს ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ მარტში, დასაქმებულთა 18.8%-ის ხელფასი 599 ლარამდე იყო, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის მარტთან შედარებით, 9.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.
კვლევის თანახმად, გასულ თვეში წლიურად 8.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ხელფასის სახით 2 400 ლარს ან უფრო მეტს იღებდნენ. ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მაჩვენებელი 8.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ მარტში 2 400 ლარიანი ან უფრო მეტი ხელფასი მთლიანი დასაქმებულების 21.4%-ს ჰქონდა.
ამასთან, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც მარტში ხელფასს იღებდნენ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის მარტთან შედარებით, 8.3%-ით გაიზარდა.
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ 3 თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ.
„2023 წლის I კვარტალში, BAG დასაქმების ბარომეტრმა 34 ქულა შეადგინა, რაც 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, 4.9 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.
I კვარტალში ბარომეტრის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის. 2023 წლის I კვარტალში დასაქმების ბარომეტრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში ფიქსირდებოდა (69 ქულა), ყველაზე დაბალი კი მრეწველობის სექტორში (25 ქულა)“, - აღნიშნულია PMC-ის დასაქმების თრექერში.
კვლევის მიხედვით, I კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 33%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 7%-მა შეამცირა, ხოლო 60%-მა არ შეცვალა.
„გამოკითხული კომპანიების 45% გეგმავს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წლის II კვარტალში, 5% გეგმავს შემცირებას, ხოლო 50% არ აპირებს რაოდენობის ცვლილებას.
2023 წლის II კვარტალში დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება, სადაც 2023 წლის II კვარტალში, კომპანიათა 69% გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას“, - აცხადებენ PMC კვლევით ცენტრში.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე 38 836 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მარტში, თებერვალთან შედარებით კი, გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით გაიზარდა.
2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 7 047 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსები/სტატისტიკის კატეგორიაში, 10 658 ვაკანსია - გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, 9 008 ვაკანსია - ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში.