
მუსიკალური სტრიმინგის პროგრამა Spotify-ზე რეკორდულად მაღალი, 500 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი დაფიქსირდა. Spotify-ის განცხადებით, აღნიშნული ზრდა კომპანიის ახალ ბაზრებზე გასვლის შედეგია.
მიმდინარე წლის I კვარტალში Spotify-ის აქტიური მომხმარებლების რაოდენობა თვის ჭრილში 515 მილიონამდე გაიზარდა. ამასთან, პრემიუმ აბონენტების რაოდენობა გაიზარდა 15%-ით და 210 მილიონს მიაღწია. სწორედ მათგან შედის Spotify-ში შემოსავლების უდიდესი ნაწილი.
წლის მეორე კვარტლისთვის Spotify აქტიური მომხმარებლების რაოდენობის 530 მილიონამდე გაზრდას ვარაუდობს. კომპანიამ გასულ წელს განაცხადა, რომ 2030 წლისთვის მას სურს მსოფლიოს მასშტაბით 1 მილიარდ მომხმარებელს მიაღწიოს. ამ შემთხვევაში მისი წლიური შემოსავალი $100 მილიარდამდე გაიზრდება.