LIVE

ივნისიდან გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმება დაიწყება

24 აპრ 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1245
ივნისიდან გზებზე ავტომობილების გამონაბოლქვზე შემოწმება დაიწყება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 2023 წლის ივნისიდან გზებზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამონაბოლქვის კონტროლს დაიწყებს.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ განმარტა, პროცესი საპილოტე რეჟიმში ქვეყნის 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში დაიწყება. თავდაპირველად, პატრულირებას სპეციალურად გამოყოფილი 10 ეკიპაჟი განახორციელებს, რომლებიც ქალაქებში ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერებასა და სპეციალური ხელსაწყოს დახმარებით, გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების დონის დადგენას შეძლებენ. თუ მაჩვენებელი კანონით დადგენილ ნორმებთან შესაბამისი არ იქნება, ავტომობილის მფლობელი დაჯარიმდება 100 ლარით, 30 დღის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი, ჯარიმა 300 ლარამდე გაიზრდება.

„პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება ხილულ გამონაბოლქვზე და ნებისმიერი მსგავსი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერდება და მოხდება მისი შესაბამისი წესით შემოწმება. თუმცა, რა თქმა უნდა, ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც არ გააჩნიათ ხილული გამონაბოლქვი, ასევე დაექვემდებარებიან აღნიშნულ კონტროლის წესს,“- აღნიშნა ტარიელ ირემაძემ.

მისივე თქმით, ავტომობილის მფლობელს აქვს შემოწმების შედეგის გასაჩივრების უფლება, რაც გულისხმობს მანქანის უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაყვანას და ახლიდან შემოწმებას. შედეგების დადასტურების შემთხვევაში, ჯარიმა ვალიდური რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში ანულირდება და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ინსპექტირების თანხასაც არ გადაიხდის.

პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე განიხილა აღნიშნული კანონპროექტი. როგორც ტარიელ ირემაძე განმარტავს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტექნიკური ინსპექტირების საკითხების ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრაა.

„საქართველოში არსებობს მავნე პრაქტიკა, რომ კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეები შესაბამისი ტექინსპექტირების დღისთვის ამზადებენ ავტომობილს, რაც ნიშნავს მხოლოდ „დროებით გამართულობას“. ტექინსპექტირების ცენტრის დატოვების შემდეგ, არავინაა დაზღვეული, რომ აღნიშნული ავტომობილი არ არის გარემოსთვის სახიფათო“, - ამბობს ირემაძე.

საგულისხმოა, რომ საპატრულო ეკიპაჟს აქამდეც შეეძლო ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტომობილის გაჩერება და დაჯარიმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკის მიხედვით, გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებებზე ნორმის დარღვევის გამო 2017-2022 წლების შუალედში მხოლოდ 27 ჯარიმაა გამოწერილი. თუმცა, როგორც ირემაძე აღნიშნავს, აქამდე საპატრულო ეკიპაჟი არ იყო აღჭურვილი სპეციალური ხელსაწყოებით, რაც გაჩერების მომენტში დარღვევის ოფიციალურად დადასტურებას ართულებდა, ივნისიდან ამოქმედებული 10 სპეციალური ეკიპაჟი კი, უფრო მკაცრად და ეფექტურად განახორციელებს აღსრულებას.