LIVE

რა ხარჯები ახლავს თან სესხის აღებას?

24 აპრ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 468
რა ხარჯები ახლავს თან სესხის აღებას?
სესხის აღება მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი მოცულობის, გრძელვადიან კრედიტს ვიღებთ. მაგალითად, იპოთეკურ სესხს. 
 
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ სესხთან დაკავშირებულ ძირითად ხარჯებს და დავაჯგუფებთ ტიპების მიხედვით.
 
რა ტიპის ხარჯები ახლავს სესხებს?
  • საპროცენტო ხარჯები
  • სესხთან დაკავშირებული საკომისიოები
  • სესხის უზრუნველყოფის ხარჯები
  • დაზღვევის ხარჯები
უფრო დეტალურად განვიხილოთ თითოეული მათგანი. 
 
საპროცენტო ხარჯები
 
სესხზე დარიცხული საპროცენტო ხარჯი არის ის საფასური, რომელსაც ბანკს ვუხდით იმ თანხის გამოყენების სანაცვლოდ, რომელიც კრედიტით მოგვცა. 
 
ამ ხარჯს საპროცენტო განაკვეთი ეწოდება. ეს არის სარგებელი ბანკისთვის, ხოლო ხარჯი მომხმარებლისთვის. 
 
უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სესხის ხელშეკრულებაში ამ ხარჯს ნომინალური საპროცენტო განაკვეთი ჰქვია. იგი იანგარიშება სესხად აღებული ძირი თანხის პროპორციულად და შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ცვლადი. 
 
სესხის საკომისიოები
 
სესხის გაცემასა და მომსახურებას არაერთი საკომისიო ახლავს თან. საკომისიოების გადახდა თითქმის ყველა სესხზე გვიწევს, ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ მათი არსებობის შესახებ. 
 
კრედიტთან დაკავშირებული ძირითადი საკომისიოებია:
  • სესხის დამტკიცების/გაცემის საკომისიო
  • სესხის თანხის განაღდების საკომისიო
  • ანგარიშის მომსახურების საკომისიო
  • წინსწრებით დაფარვის საკომისიო
უზრუნველყოფის ხარჯები
 
თუ სესხზე მოითხოვება უზრუნველყოფა, ამ პროცესს კიდევ დამატებითი ხარჯები ახლავს თან. უზრუნველყოფის ხარჯები უმეტესად იპოთეკურ და ავტო სესხებზე გვხვდება. 
 
ასეთი ტიპის ხარჯი შეიძლება იყოს:
  • ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურების საფასური, მაგალითად, საჯარო რეესტრში იპოთეკის რეგისტრაციის ხარჯი, ბინის გადმოფორმების ხარჯი (იპოთკეური სესხის დროს)
  • ნოტარიუსის მომსახურების ხარჯი 
  • ავტომობილის საბაზრო ღირებულების შეფასების ხარჯები (ავტო სესხის დროს)
დაზღვევის ხარჯები
 
სესხის აღებისას ბანკები ითხოვენ სესხისა და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას. ხოლო სადაზღვევო პრემიის გადახდა ისევ ჩვენ გვიწევს, შესაბამისად, ეს არის დამატებითი ხარჯი, რომელიც თან ახლავს კრედიტს. 
 
სადაზღვევო ხარჯები შეიძლება იყოს:
  • სესხის უზრუნველყოფაში ჩადებული ქონების დაზღვევა (მაგ: ბინის, სახლის, ავტომობილის დაზღვევა)
  • მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა
როგორ გავიგო რამდენად ძვირია ჩემ მიერ შერჩეული სესხი?
 
ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: დააკვირდი რამდენია სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. 
 
სესხის აღებისას მოსახლეობის დიდი ნაწილი ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს - უყურებს მხოლოდ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს და არ აქცევს ყურადღებას ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს.
 
რეალურად კი, სესხის ჯამურ ღირებულებას ეფექტური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრავს. ეს არის მნიშვნელოვანი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც მოიცავს სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ნომინალურ პროცენტსა და დამატებით, ყველა ზემოხსენებულ ხარჯს, რაც სესხს ახლავს თან (მაგ: სებ-ის რეფინანსირების განაკვეთი, სესხის საკომისიოები, სესხის დაზღვევის ხარჯები, უზრუნველყოფის ხარჯები, საჯარო რეესტრის ხარჯები და ა.შ.)
 
რომ შევაჯამოთ, გირჩევთ, კრედიტის აღებისას შემოთავაზებები შეადაროთ ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მიხედვით, რათა შეგექმნათ ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რამდენად იაფად ან ძვირად გთავაზობენ ამა თუ იმ სესხს.