LIVE

TBC რუსულ სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში ანგარიშებს დახურავს

21 აპრ 202314:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 423
TBC რუსულ სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში ანგარიშებს დახურავს

TBC ბანკი რუსეთთან იმპორტ-ექსპორტის რეგულაციებისა და შეზღუდვების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

კერძოდ, ბანკი განმარტავს, რომ თუკი მომხმარებლის ანგარიშზე დაფიქსირდება ტრანზაქციები, რომლებიც დასავლეთის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებს არღვევს, ბანკი წინასწარი შეტყობინების გარეშე დახურავს აღნიშნულ ანგარიშებს. 

"2022 წლის თებერვლიდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციას დაუწესეს სხვადასხვა სახის სანქცია, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს რუსეთის და რუსეთთან დაკავშირებული პირებისთვის შეზღუდვების დაწესება. მათ შორისაა,  აქტივების გაყინვა, ბლოკირება, ფინანსურ რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, პროდუქციის მიწოდების შეზღუდვა და სხვა. 

სანქციები ვრცელდება როგორც აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროკავშირიდან რუსეთის მიმართულებით გარკვეული პროდუქციის პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტზე, ასევე, რუსეთიდან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის  და ევროკავშირის მიმართულებით საქონლის ექსპორტის ოპერაციებზე. 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სანქციებთან დაკავშირებული ტრანზაქციების გამოვლენის შემთხვევაში, ბანკი უფლებას იტოვებს, წინასწარი შეტყობინების გარეშე დახუროს მომხმარებლის ანგარიშები",- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.