LIVE

2022 წელს გერმანიაში ლეგალურად 1 231, ისრაელში კი 17 ქართველი დასაქმდა

19 აპრ 202318:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 637
2022 წელს გერმანიაში ლეგალურად 1 231, ისრაელში კი 17 ქართველი დასაქმდა

სოფლის მეურნეობის სექტორის სეზონურ სამუშაოებზე გასულ წელს გერმანიაში საქართველოდან 1 231 ადამიანი წავიდა.

დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების ანგარიშის თანახმად, 2021-2022 წლებში, გერმანიაში ლეგალურად ჯამში 1 539-მა ქართველმა დაიწყო მუშაობა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე ქართველების დასაქმების პროგრამაში, რომლის განხორციელებაც 2021 წლის თებერვალში დაიწყო, 2022 წლიდან ახალი კომპონენტი გაჩნდა. გერმანელ დამსაქმებლებს საშუალება მიეცათ, საქართველოს მოქალაქეებთან უშუალოდ დაემყარებინათ კომუნიკაცია.

„ამ კომპონენტის გაჩენით სქემა გახდა უფრო მოქნილი და უფრო მეტ მოქალაქეს მიეცა საშუალება ჩართულიყო პროგრამაში. დამსაქმებლებისგან სახელობითად მოთხოვნილ სამუშაოს მაძიებლები უფრო მოკლე დროში, შედარებით ნაკლები პროცედურების გავლით მიემგზავრებოდნენ და საქმდებოდნენ გერმანიაში“, - წერია ანგარიშში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერაა მომზადებული.

რაც შეეხება ისრაელს, აღსანიშნავია, რომ ისრაელში დროებითი, ლეგალური დასაქმების სქემა 2022 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდა და გასული წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ისრაელში ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში სულ 18 ადამიანი დასაქმდა (17 მოქალაქე გასულ წელს წავიდა, 1 კი წელს გაემგზავრება).