
მონპელიე გახდება საფრანგეთის უდიდესი მეტროპოლისი, რომელშიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება. მიმდინარე წლის ბოლოდან ადგილობრივი მოსახლეობა ქალაქის უფასო სატრანსპორტო საშვს მიიღებს, რომლითაც სარგებლობა ავტობუსებსა და ტრამვაის ქსელში შეეძლება. რეფორმა მიზნად ისახავს ემისიებისა და დაბინძურების შემცირებას და ქალაქის მაცხოვრებლებისთვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტის უზრუნველყოფას.
“უფასო ტრანსპორტის შემოღებით ჩვენ გაბედულად ვიღებთ სოციალური სამართლიანობისა და პროგრესის დიდ ზომებს, რაც ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრებაზე გადასვლის საწინდარი იქნება”, - დაწერა Twitter-ზე მონპელიეს მერმა, მიშელ დელაფოსემ.
2020 წლის შემდეგ შაბათ-კვირაობით მონპელიეში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა. 2021 წლიდან უფასო გახდა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა 18 წლამდე და 65 წელს ზემოთ მყოფი ადამიანებისთვის. ამ სქემის გაფართოებისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოდან მონპელიეს ყველა მაცხოვრებელს გაითვალისწინებს, ქალაქს 150 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი. აღნიშნული თანხა ქალაქის დეკარბონიზაციას, ველობილიკების გაკეთებასა და დაბალი ემისიის ზონების შექმნას უნდა მოხმარდეს.
აღსანიშნავია ევროპის კიდევ ორი ქალაქი, სადაც უფასოა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა: ესტონეთის დედაქალაქ ტალინში რეფორმა 2013 წლიდან ამოქმედდა და იგი ითვალისწინებს ყველა ტალინელისთვის უფასო ტრანსპორტს; ხოლო მეორე მხრივ, 2020 წელს ლუქსემბურგი გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, სადაც ყველანაირი ტარიფი და გადასახადი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაუქმდა.