
უკრაინის უშიშროების სამსახურმა (SBU) ხუთშაბათს განაცხადა, რომ მილიარდერ ვადიმ ნოვინსკის $96 მილიონის აქტივები ჩამოერთვა. ამის მიუხედავად, მილიარდერის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩამორთმეული აქტივების მფლობელი ნოვინსკი უკვე აღარაა.
უკრაინის უშიშროების სამსახური ნოვინსკის რუსეთის “დახმარებაში” ადანაშაულებს: “პრორუს ოლიგარქ ვადიმ ნოვინსკის, რომელიც აგრესორი ქვეყნის დახმარებაში იქნა შემჩნეული, ქონება ჩამოერთვა”, - აცხადებს SBU. მიუხედავად ამისა, ბიზნესმენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს. ნოვინსკის წარმომადგენელი ამბობს, რომ მილიარდერი “პატრიოტი” ადამიანია, რომელიც ომში უკრაინას უჭერს მხარეს.
ვადიმ ნოვინსკი რუსეთის სსრ-ში დაიბადა და 90-იან წლებში რუსეთშივე გამდიდრდა. შესაბამისად, მას ფართო საზოგადოება იცნობს, როგორც რუს ოლიგარქს, რომელმაც უკრაინის მოქალაქეობა 2012 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მიიღო. ნოვინსკის ქონებას Forbes $1.4 მილიარდად აფასებს. ბიზნესმენი უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომელიც უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას აფინანსებს.
როგორც უკრაინის უშიშროების სამსახურმა განაცხადა, ბიზნესმენს 40 უკრაინული საწარმო და ბუნებრივი გაზის 30 ჭაბურღილი ჩამოერთვა. ნოვისნკისთვის ქონების ჩამორთმევა მოჰყვა უკრაინის მთავრობასა და უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დაძაბულობის განვითარებას. ოფიციალურად ორი ქვეყნის ეკლესიებს შორის ურთიერთობები 2022 წლის მაისში შეწყდა, თუმცა კიევი უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას მოსკოვთან რელიგიური კავშირების შენარჩუნებაში კვლავ სდებს ბრალს. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია უარყოფს დანაშაულსა და რუსეთთან ურთიერთობას.
ნოვინსკისა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის რამდენიმე ეპისკოპოსს უკრაინის ხელისუფლებამ დეკემბერში სანქციები უკვე დაუწესა. სანქციები საეკლესიო ქონებისა და საკუთრების კვლევას მოჰყვა, როდესაც უკრაინის უშიშროების სამსახურმა მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილებაში არსებული “პრო-კრემლისტური რელიგიური ლიტერატურა” აღმოაჩინა. ამ მიზეზის გამო დაწესებული სანქციები ნოვინსკიმ “რელიგიური ნიშნით დევნად” შეაფასა.
ნოვინსკი უკრაინის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ კომპანია Smart Holding-ს ფლობს. აღნიშნული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯულია კირიანოვამ Reuters-სთან საუბრისას განაცხადა, რომ 1-ლი დეკემბრიდან ფირმა ნოვინსკიმ გადასცა ტრასტს, რომელსაც კვიპროსის რამდენიმე მოქალაქე ფლობს; შესაბამისად, იგი ნოვინსკისთან დაკავშირებული აღარაა. ამის მიუხედავად, უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ ნოვინსკი სანქციებისათვის თავის არიდებას ცდილობდა, რის გამოც მილიარდერმა უშუალო მფლობელობაში არსებული აქტივები უბრალოდ შვილობილ კომერციულ სტრუქტურებში გადაიტანა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, ნოვინსკის წინააღმდეგ სანქციები ძალაში 1-ლ დეკემბერს შევიდა - იმავე დღეს, როდესაც კირიანოვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნოვინსკიმ აქტივები სხვაგან გადაიტანა.
ვადიმ ნოვინსკის უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირები აქვს. საჯაროდ იგი ხშირად ჩნდება მაღალ სასულიერო პირებთან. გასული წლის ნოემბერში უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარი მილიარდერთან შესახვედრად გერმანიაშიც გაემგზავრა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან დაახლოებული პრორუსი მილიარდერი უკრაინაში ომის დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე საქართველოშიცაა ნამყოფი. 2021 წელს უკრაინისა და რუსეთის მართლმადიდებლურ საპატრიარქოებს შორის ოფიციალური კავშირი ჯერ კიდევ არსებობდა. სწორედ იმ წელს უკრაინაში რუსული ეკლესიის დელეგაცია ვადიმ ნოვინსკისთან ერთად თბილისში ჩამოვიდა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის დროს მხარეებმა უკრაინაში მაშინდელი რუსული ეკლესიის წარმომადგენლობასა და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების საკითხები განიხილეს. მსგავსი ვიზიტი მანამდე 2019 წელსაც შედგა.