
Princess Cruises-მა გამოაცხადა ეპიკური, 116-დღიანი საკრუიზო მოგზაურობა, რომელიც მსურველებს მსოფლიოს გარშემო მოატარებს. კრუიზით ადამიანები დედამიწის 51 ცნობილ ადგილს ეწვევიან; მათ შორის იქნება მაუი, სიდნეი, ბარსელონა, დუბაი, ათენი, რომი და სხვა მრავალი.
მთლიანობაში კრუიზი 26 ქვეყანასა და 6 კონტინენტს ეწვევა: “ჩვენი მარშრუტის ექსპერტებმა შექმნეს პოპულარული პორტებისა და აქამდე ნაკლებად ცნობილი ადგილების შეუდარებელი კომბინაცია მსოფლიოს გარშემო ისეთი მოგზაურობისთვის, რომელსაც სხვაგან ვერ ნახავთ”, - აცხადებს Princess Cruises-ის პრეზიდენტი ჯონ პაჯეტი. შესაბამისად, ეს იქნება ყველაზე გრძელი საკრუიზო მოგზაურობა, რაც კი აქამდე ყოფილა.
გასამგზავრებელ პუნქტად მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ ან ფორტ-ლოდერდეილი - 2025 წლის 5 იანვარს - ან ლოს-ანჯელესი - 2025 წლის 20 იანვარს.
მთლიანი საკრუიზო მოგზაურობის ღირებულება 20 539 დოლარი იქნება, რაც ღამეში დაახლოებით 117 დოლარია. ფასი მოიცავს მხოლოდ სასადილოებს, გასართობ და ფიტნეს ობიექტებს. სპეციალური სასადილოების, ალკოჰოლური სასმელების, Wi-Fi-სა და სხვა სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში მსურველებს დამატებითი თანხის გადახდა მოუწევთ.
კრუიზის სტუმრებს საშუალება ექნებათ, უამრავი პორტი მოინახულონ. ამასთან, მოგზაურობის პროგრამა ითვალისწინებს 27-ზე მეტი ადგილის ნახვას, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შედის; მათ შორისაა გიზას პირამიდები, სინგაპურის ბოტანიკური ბაღები და ძველბერძნული ქალაქი ეფესო.