LIVE

გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი საგრძნობლად შენელდა - კრისტალინა გეორგიევა

14 აპრ 202311:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 390
გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი საგრძნობლად შენელდა - კრისტალინა გეორგიევა

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა აცხადებს, რომ გლობალური ეკონომიკის ზრდის ტემპი საგრძნობლად შენელდა. შესაბამისად აუცილებელია, რომ მომსახურების სფერო, ვაჭრობა და ინვესტიციები ყველა ტიპის ეკონომიკის გასაძლიერებლად იყოს მიმართული.

მისი განმარტებით, ბოლო დროის მოვლენებმა აჩვენეს, რომ განვითარებული თუ განვითარებადი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფლაციასთან ბრძოლა და ფინანსური სტაბილურობის დაცვა. ეკონომიკური ზრდა და ტემპის შენარჩუნება კი ამ ყველაფრის მოწესრიგების გარეშე შეუძლებელია. 

"ცენტრალური ბანკების მხრიდან საპროცენტო განაკვეთების ზრდა იყო მეტად ორგანიზებული და ძალიან სწრაფი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, იმისთვის რომ ინფლაციის ტემპი შენელებულიყო, თუმცაღა ინფლაციასთან ბრძოლა კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც დაიწყო საბანკო სექტორში კრიზისი აშშ-სა და შვეიცარიაში,"- აცხადებს IMF-ის მმართველი დირექტორი. 

მისი განმარტებით, ძალიან რთულია გადასვლა დაბალი საპროცენტო განაკვეთებიდან, მაღალ განაკვეთებზე, ამ რყევებმა კი აჩვენეს ზოგიერთი ბანკის ჩავარდნა, მაგრამ ცხადია, ისიც რომ 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდეგ ცენტრალურმა ბანკებმა ისწავლეს, და დღეს ისინი უფრო მეტად არიან მზადყოფნაში და უფრო ძლიერები, ვიდრე ადრე.